“ეს სიმართლეა! რაც უფრო მეტს მოგზაურობთ, მით უფრო ჭკვიანი, სექსუალური და მომხიბვლელი ხართ – და ეს მხოლოდ რუჯის გამო როდია”. – სტივ კინგი.
ამბები
მოგზაურობის წყალობით თქვენ ბევრი ამბავი გაქვთ მოსაყოლი, ეს კი ძალზე სექსუალურია. რა თქმა უნდა, სექსუალურობის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამბავს ჰყვებით და როგორ ჰყვებით ამ ამბავს. თუმცა ის, რომ თქვენ ამბავი გაქვთ მოსაყოლი, უკვე კარგი დასაწყისია. უმეტესობა ჩვენგანს პრაქტიკულად არაფერი აქვს სათქმელი, რომ არაფერი ვთქვათ კარგ, საინტერესო ამბებზე. მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ ბევრი მიმოგზაურია, მაინც დიდი სიამოვნებით ვისმენ ამბებს შორეული ქვეყნებისა და სხვადასხვა ხალხის შესახებ. ამგვარი საქციელი აიხსნება ფუნდამენტური ადამიანური იმპულსით, რაც გამოიხატება ერთად დასხდომასა და ამბების მოსმენაში. ბუნებრივია, რომ, რაც უფრო უცხო, საშიში და მომაჯადოებელია ეს ამბავი, მით უფრო საინტერესოა ჩვენთვის ამის მოსმენა. სახლის სარემონტო და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ Homebase-ში გატარებული კვირადღე არცთუ საინტერესო მოსასმენი ამბავია, რასაც ვერ იტყვი ეიგერის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე ტრიუმფალურ ასვლაზე. მიუხედავად ამისა, მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა ამბავი, რაოდენ მოკრძალებულიც უნდა იყოს იგი, მაინც ღირს მოსაყოლად და რაც უფრო მეტი იუმორითა და გაზვიადებით გადმოსცემთ, მით უფრო მეტ სექსუალურობას შეგძენთ თქვენ ეს.
სიკარგე
შესაძლებელია, რომ მოგზაურობამ უკეთეს ადამიანად გაქციოთ? შესაძლებელია, რომ მოგზაურობის წყალობით თქვენ ნაკლებად უცოდინარ, ცოტათი უფრო ტოლერანტულ, ცოტაოდენ უფრო რეალიზებულ ადამიანად იქცეთ? ამასთან დაკავშირებით მე ჩემი ეჭვები მაქვს. თვითმფრინავით ნამგზავრი კილომეტრების წყალობით ადამიანი უკეთესი რომ ხდებოდეს, მაშინ დონალდ რამსფელდი ახლა დალაი-ლამა იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ესეც ძალზე სექსუალურია.
გარეგნობა – 1
არასეზონური რუჯი ფრიად მომხიბვლელია, მაგრამ კიდევ უფრო მიმზიდველია ის შინაგანი ბრწყინვალება, რომელსაც ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი ასხივებს მას შემდეგ, რაც იგი მოინახულებს საოცარ ადგილებს, გასაოცარ რაღაცებს იხილავს და თავს დაუჯერებელი თავგადასავლები გადახდება.
გარეგნობა – 2
არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხიბლავს ომში მიღებული ჭრილობების, ნაიარევების, დაკოჭლების, ახვეული თვალისა და სხვა ფიზიკური ზიანის შესახებ ამბების მოსმენა, განსაკუთრებით,
თუ ეს ჭრილობები სადმე უცხო ქვეყანაში იქნა მიღებული და თუ ამ ამბის გმირი მშვიდობით განიკურნა მიღებული ჭრილობებისაგან. როგორც წესი, ასეთ ჭრილობებს საინტერესო ამბავი ახლავს. გამიჭირდება იმის სათანადოდ გადმოცემა და ხაზგასმა, თუ რაოდენ სექსუალურია ასეთი კარგი ამბავი.
შური
ზოგჯერ, მაგრამ არა ყოველთვის, შური სურვილის აღმძვრელი ძლიერი ფაქტორია. ეს ძალზე წააგავს იმ დამაბალანსებელ მოქმედებას, როდესაც „ქალებს სურთ მასთან ყოფნა, ხოლო მამაკაცებს სურთ მისნაირი იყვნენ”. გამოცდილი მოგზაურის პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი ხრიკი მდგომარეობს იმაში, რომ კარგად იცნობდე შენს აუდიტორიას და სათანადოდ მიაწოდო ამ აუდიტორიას შენი ამბავი. სამწუხაროდ, ეს ძალიან სწრაფი ტემპით სოციალურად კოდირებული და საშინლად რთული ხდება. საუბარში ისეთი სიტყვების შეგდება, როგორიც არის „გშტაადი” (სამთო-სათხილამურო კურორტი შვეიცარიაში) ან „სენტ ბარტსი” იგივეა, რაც წითელი ველვეტის შარვალი და ფოჩებიანი მოკასინები ჩაიცვა – ეს არის გათვლილი რისკი. ამით თქვენ იმდენივე ადამიანს ჩამოიშორებთ, რამდენზედაც შთაბეჭდილებას მოახდენთ. მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ საკმარისი სიმამაცე იმისათვის, რომ წითელ ველვეტის შარვალსა და ფოჩებიან მოკასინებში გამოწყობილმა „გშტაადისსა” და „სენტ ბარტსის” სოციალურ დანაღმულ ველზე გაიაროთ, მაშინ ალბათ „დაწყევლილი იდიოტის” ეპითეტით მომართვასაც რამენაირად გადაიტანთ.
ენა
დაივიწყეთ ხამანწკები, ხოჭო სკარაბეუსი და მარტორქის რქა. არასწორად გამოთქმული რამდენიმე სიტყვა ან უცხო ენაზე წარმოთქმული ფრაზები კაცობრიობისათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აფროდიზიაკია. ტელესერიალ „ადამსების ოჯახში” ყოველთვის, როდესაც მორტიცია სრულიად უმანკოდ წარმოთქვამს ისეთ ფრაზებს როგორიც არის: ‘savoir faire’ (ნოუ-ჰაუ) ან ‘ensemble’ გომეზი მზად არის მიატოვოს ყველაფერი და მორტიციას გრძელი, თხელი ხელები დაუკოცნოს, თან წამოიძახოს: „საყვარელო, ვგიჟდები როდესაც ფრანგულად მელაპარაკები!” ამაში მე ყოველთვის ვხედავ რეალიზმისადმი ძლიერ ერთგულებას.
განსხვავება
ზემოთ ჩამოთვლილი სცენარები მოგზაურობიდან ახლად დაბრუნებულებს ეხება – მთიდან ჩამოსრიალებული გარუჯული მოგზაურის ხიბლი, რომელსაც ბევრი აქვს მოსაყოლი თავისი თავგადასავლების შესახებ და თვალებში ახალი ნაპერწკალი უციმციმებს. მაგრამ აუცილებლად გახსოვდეთ, რომ რაოდენ ნაცნობი და მოსაწყენიც უნდა იყოთ თქვენს სახლში, სხვა ადგილას აღმოჩენისას თქვენ ავტომატურად ხდებით ეგზოტიკური. მაშინაც კი, როდესაც რჩებით ისევ ის, ვინც ხართ, უცხო ადგილას თქვენ მაინც სექსუალური ხართ.
იმედი
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უყვართ ადამიანებს მოგზაურობასთან დაკავშირებული ამბების მოსმენა, არის ის, რომ ამგვარი ამბები მათ აძლევს იმედს და სტიმულს, რომ განაგრძონ ოცნება. შესაძლოა, ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენც შეგიძლიათ წახვიდეთ და იმოგზაუროთ იმ ადგილებში, თქვენც შეგიძლიათ მოიხსნათ ბორკილები, გათავისუფლდეთ ყველაფრისაგან, ნახოთ გასაოცარი ადგილები… რა თქმა უნდა, ცხადია, რომ თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება და უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა დიდებული ამბებით დაბრუნდებით უკან მოგზაურობიდან.
დატოვე კომენტარი