მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრორუსული პარტია Shor-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო დადგენილების თანახმად, პარტია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან დაშლილად ითვლება.
ცნობისთვის, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პრორუსული ჯგუფის ხელმძღვანელობით წამოწყებულ ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღას მოჰყვა, რომელიც ქვეყნის სასამართლომ „არაკონსტიტუციურად“ ცნო. მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო, პარტიის ლიკვიდაციისთვის საჭირო ყველა იურიდიული პროცედურის შესასრულებლად, სპეციალურ კომისიასაც შექმნის.
თავად პარტიის დეპუტატები მოლდოვის პარლამენტში ადგილებს დამოუკიდებელი სტატუსით შეინარჩუნებენ, თუმცა სხვა საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანების უფლება არ ექნებათ. Shor-ის ვიცე-თავმჯდომარე მარინა ტაუბერმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და თავისი გუნდით „ხელისუფლებაში მოსვლისა“ და „მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის უფლების“ დასაცავად ბრძოლის პირობა დადო.
პარტია Shor-ი 1998 წელს დაარსდა, მისი ხელმძღვანელი კი 2019 წელს ისრაელში გაქცეული ბიზნესმენი ილან შორია. ისრაელში გადასვლამდე ორი წლით ადრე, შორი $1 მილიარდის საბანკო სკანდალთან დაკავშირებული თაღლითობისთვის გაასამართლეს.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში პარტიამ მოლდოვის მასშტაბით დემონსტრაციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის პროდასავლელი ლიდერის, მაია სანდუს პოლიტიკას აპროტესტებდა. გასულ თვეში მოლდოვის დედაქალაქში საპროტესტო ტალღამ 4,500-მდე ადამიანი გააერთიანა, რომლებიც მთავრობას ცხოვრების მაღალი ღირებულებისა და მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებდნენ.
სანდუს ადმინისტრაციამ საპროტესტო აქციები „მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის მორიგ მცდელობად“ შეაფასა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის, აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა მოჰყვა.
გასულ თვეში, ამჯერად სანდუს მთავრობისა და პოლიტიკის მხარდასაჭერად, კიშინიოვში 75,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. სწორედ აღნიშნული საპროტესტო აქციები იქცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინაპირობად, რის შედეგადაც კონკრეტულად აღინიშნა ქვეყნის ევროპული ორიენტაცია. მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოთა შორისაა.