უკრაინის ტერიტორიული განვითარების მინისტრის, ოლექსი ჩერნიშოვის, განცხადებით, მთავრობა გეგმავს, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ააშენოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინდუსტრიული პარკის ქსელისათვის, რომელიც, გეგმით, 25 ერთეულისგან შედგება. ეს კი ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებში ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენის წინაპირობად იქცევა. გარდა ამისა, ტერიტორიული განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ინდუსტრიული პარკები კარგი პლატფორმა იქნება საზღვარგარეთ მოღვაწე უკრაინელების მხრიდან ინვესტიციების განსახორციელებლად.
მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ოლექსი ჩერნიშოვმა აღნიშნული განცხადება კიევში, 20 ივლისს გამართულ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.
საბაზისო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური სტიმულების შესაქმნელად, სამინისტრო რადას ეკონომიკური განვითარების კომიტეტთან, ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფოში მოღვაწე ექსპერტებთან ერთად იმოქმედებს. მინისტრის განცხადებით, მათ უკვე მოამზადეს შესაბამისი კანონპროექტი მეორედ განსახილველად.
დოკუმენტში კონკრეტულადაა გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ საინჟინრო კონსტრუქციებისა და ინდუსტრიული პარკის სატრანპორტო ინფრასტრუქტურის ხარჯების დაფარვის ნაწილი. გარდა ამისა, დოკუმენტი ინდუსტრიული პარკის განვითარებისა და ეკონომიკური აქტივობებისათვის საჭირო სესხის საპროცენტო გადახდების კომპენსაციასაც ითვალისწინებს.
საინტერესოა, რომ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის პარალელურად კიდევ ორი კანონპროექტი მზადდება ინდუსტრიული პარკის მონაწილეთა საგადასახადო და სამომხმარებლო სარგებლის შესახებ.
როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, ინდუსტრიული პარკები ქვეყანაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიხსნება.
დატოვე კომენტარი