მომდევნო ტალღა

მომდევნო ტალღა

პუჯენტ-საუნდის გადაკვეთისას რეენსტ ლეზემანი მიგვითითებს ყვითელ, მოლუსკებით დაფარულ უცნაურ მოწყობილობაზე, რომელიც სიეტლის ქარიან წყლებზე ირხევა. მოწყობილობას SeaRay-ის უწოდებენ და ის ლეზემანის სტარტაპის, Columbia Power Technologies-ის პროდუქტის საცდელი ნიმუშია. კომპანია დარწმუნებულია, რომ გრძელვადიანი სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად, ტალღის ენერგიას განახლებადი ენერგიის ახალ, მოგების მომტან წყაროდ გადააქცევს. „ჯერ არ მინახავს მრავალმილიარდიანი ბაზარი, სადაც მომხმარებელი ასე ელის ახალ ტექნოლოგიას”, – ამბობს ყოფილი ვენჩურული კაპიტალისტი ლეზემანი.

და მართლაც, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ ოკეანეებში, რომლებიც ამერიკას აკრავს გარს, საკმარისი ენერგიაა იმისათვის, რომ ამ ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ნახევარზე მეტი დააკმაყოფილოს. დღევანდელი ტექნოლოგიის პირობებშიც კი, მეცნიერების აზრით, წყალს შეუძლია მოგვცეს საკმარისი ენერგია -წელიწადში დაახლოებით 1,170 ტერავატ/საათი – ამერიკის მოსახლეობის მესამედის სრულად დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ტალღებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს ეხეთქება, იმაზე მეტი ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლიათ, ვიდრე, ვთქვათ, კალიფორნია ხარჯავს ერთი წლის განმავლობაში.

ახლა კი რეალურ სურათს შევხედოთ: მიუხედავად მრავალი სტარტაპისა და სახელმწიფოს მიერ დახარჯული მილიონობით დოლარისა, Bloomberg New Energy Finance-ის ინფორმაციის თანახმად, ტალღის ენერგიისაგან მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 5 მეგავატი მიიღება – ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 ათასი ამერიკული ოჯახის სინათლით მომარაგებას თუ გასწვდება.

რა მოხდა? ფინანსური კრიზისის დადგომამდე, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიური ბუმისას, მრავალმა სტარტაპმა და ბირჟის მოთამაშემ მოითხოვა სახელმწიფო წყლებზე უფლება ტალღის მსხვილი ფერმების მოსაწყობად. ამავდროულად, ევროპის (მათ შორის პორტუგალიისა და შოტლანდიის) მთავრობები ტალღის ენერგიაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა ამ ლურჯი ძალის მწვანე ენერგიად გარდაქმნის იდეა კალიფორნიულ ოცნებად დარჩა, როდესაც დასავლეთ სანაპიროს ტალღური ენერგიის გეგმა სერფერების, მეთევზეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობას შეეწირა.

თვით კალიფორნიელმა კანონმდებლებმაც კი, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს Pacific Gas & Electric-ის კონტრაქტს დედამიწის ორბიტაზე მოძრავი ჰელიოენერგოსადგურიდან ელექტროენერგიის შესყიდვის თაობაზე, უარი განაცხადეს ტალღის ენერგიის სტარტაპთან თანამშრომლობაზე – იმ მოტივით, რომ ტექნოლოგია ძალიან სარისკო იყო. როდესაც კომპანიებმა ბოლოს და ბოლოს დაიწყეს თავიანთი გენერატორების განთავსება ევროპაში, ოკეანემ ისინი დასაჯა – მრავალმა მოწყობილობამ სათანადოდ ვერ იმუშავა ან მწყობრიდან გამოვიდა. „შესაძლოა მათ მცირე საცდელი ნიმუშის სახით კარგად იმუშაონ, მაგრამ როდესაც ზომას გაზრდით და ოკეანის მკაცრ პირობებში მოათავსებთ, შესაძლოა შედეგი ასეთივე კარგი არ აღმოჩნდეს”, – ამბობს ანგუს მაკკრონი, რომელიც ტალღის ინდუსტრიას ადევნებს თვალყურს Bloomberg New Energy Finance-სათვის.

თუმცა ახლა შეიძლება წერტილი დაესვას ტალღის სრულფასოვანი გენერატორის ხანგრძლივ მოლოდინს. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მიღწეული პროგრესის წყალობით, Columbia Power-ის მსგავსი სტარტაპების ახალი თაობა იაფად და სწრაფად ახორციელებს ასობით ახალი პროექტის ტესტირებას ვირტუალურ ოკეანეში, ინდუსტრიის ვეტერანები კი ამავდროულად ტექნოლოგიას ხვეწენ, რათა ტალღისაგან რაც შეიძლება მეტი ენერგია მიიღონ და ელექტროენერგიის ხარჯები შეამცირონ. Lockheed Martini-ისა და ფრანგული ენერგოგიგანტის, Alstom-ის მსგავსი მულტინაციონალური კორპორაციები, თავიანთი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიზნით, სტარტაპებთან თანამშრომლობენ. „სამომავლოდ ტალღის ენერგიას განახლებადი ენერგიის სერიოზულ ბაზრად განვიხილავთ, – ამბობს Lockheed Martini-ის ოკეანის ენერგიის მიმართულების დირექტორი ტიმ ფური, – ოკეანე ჩვენი პლანეტის ენერგიის უდიდესი აუთვისებელი წყაროა”.

გასულ სექტემბერს Lockheed Martini-მ თანამშრომლობა დაიწყო Ocean Power Technologies-თან. ამ ნიუჯერსულმა კომპანიამ ტალღის მოძრაობის ელექტროენერგიად გარდამქმნელი დანადგარის განვითარებას თითქმის ორი ათწლეული შესწირა და ამაში $120 მილიონი დახარჯა. აეროკოსმოსური კონგლომერატი OPT-ს დაეხმარება მომარაგების ქსელის განვითარებაში ტალღის გენერატორ PowerBuoy-ის ინდუსტრიალიზაციისათვის. ეს გენერატორი ამჟამად საზღვაო ცდებს გადის შოტლანდიაში, რათა წელს ორეგონის სანაპირო წყლებში განთავსებისთვის მზად იყოს, სადაც ის 5-მეგავატიანი ტალღის ფერმის ნაწილი იქნება (Lockheed-ს ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობა აქვს ირლანდიურ ტალღის ენერგიის კომპანია Wavebob-თან). „ჩვენ შევძელით ოკეანის პირობებში ჩვენი ტექნოლოგიის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ახლა ისეთი პროდუქტი გვაქვს, რომლის სარფიანად გაყიდვაც შეგვიძლია”, – აცხადებს OPT-ის მთავარი აღმასრულებელი ჩარლზ დანლივი.

PowerBuoy 150 კილოვატის გენერირებას ახდენს და ზღვის ფსკერზე დამაგრებულ გიგანტურ ჰანტელს წააგავს. 115 ფუტის სიგრძის მოწყობილობის ზედა ნაწილი ოკეანის ზედაპირზე ტივტივებს, ტალღებზე ქანაობისას მისი მოძრაობა დგუშებს აწვება და ელექტროგენერატორის ასამუშვებლად საჭირო მექანიკურ ენერგიას წარმოქმნის. ელექტროენერგია კაბელების საშუალებით სახმელეთო ქსელს მიეწოდება.

დანლივის თქმით, საიმიტაციო მოდელის პროგრამული უზრუნველყოფა გადამწყვეტია როგორც PowerBuoy-ის დიზაინის, ასევე ოკეანის მკაცრი პირობების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებისათვის. პროდუქტის მცირე ვერსიამ, რომელიც ამერიკის ფლოტისათვის ნიუ-ჯერსის ნაპირებთან დამონტაჟდა, 53-ფუტიან ტალღებს გაუძლო, როდესაც აგვისტოში რეგიონს ქარიშხალი „აირინი” დაატყდა თავს. პროგრამული საკონტროლო სისტემები იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მოწყობილობა ღელვის სიმძლავრის მიხედვით დარეგულირდეს.

კორვალისში (ორეგონის შტატი) ბაზირებული Columbia Power Technologies გეგმავს იმაზე ნაკლები დრო და ფულადი სახსრები იმყოფინოს, ვიდრე OPT-მ დახარჯა ტალღის სრულმასშტაბიანი გენერატორის ასამოქმედებლად. „ჩვენ გვსურს, მეტი პიქსელისა და ნაკლები მოლეკულის გამოყენებით, რაც შეიძლება იაფად ვაკეთოთ ნოვაცია, – ამბობს 47 წლის ლეზემანი. – ჩვენი კონკურენტები, გაურკვეველი მიზეზების გამო, ნოვაციას ორიგინალის ზომის პროტოტიპებით ცდილობდნენ, რაც ძალიან ძვირად ღირებული მეთოდია”.

ფირმა, რომელიც ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობის შედეგად აღმოცენდა, იყენებს Ansys-ისა და სხვა კომპანიების სამრეწველო მასშტაბის პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ასობით კონსტრუქციის მუშაობა შეაფასოს და ტალღის გენერატორზე უზარმაზარი ტალღების, მიწისძვრისა და ცუნამის გავლენის იმიტაცია მოახდინოს. „არ არსებობს ბევრი მონაცემი იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ტალღის ენერგიის მოწყობილობას, რათა ოკეანის პირობების ფართო დიაპაზონს გაუძლოს”, – გვეუბნება Ansys-ის მთავარი აღმასრულებელი ჯიმ ქეშმენი. Ansys $6-მილიარდიანი კომპანიაა, რომლის პროგრამაც ყველაფრის შესაქმნელად გამოიყენება – რეაქტიული თვითმფრინავებით დაწყებული, ნავთობის ზღვის ჭაბურღილებით დამთავრებული. „ეს ძალიან, ძალიან რთული სისტემებია და ისინი დიდი კაპიტალის ინვესტირებას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, შეცდომის ფასი საკმაოდ მაღალია”.

Columbia Power-მა SeaRay-ის ბოლო ვერსიაზე 350-ზე მეტი ცდა ჩაატარა, რათა დანადგარის ოპტიმალური ფორმისათვის მიეგნო და შეკეთების ხარჯები და შეფერხებათა სიხშირე მინიმუმამდე დაეყვანა. „ეს რიცხვებთან დიდ მუშაობას მოითხოვს, ათი წლის წინ ამას ვერ შევძლებდით”, – აღნიშნავს ლეზემანი.

ყოველ შემთხვევაში, ენჯელ-ინვესტორებისაგან მიღებული $4 მილიონით და ენერგოდეპარტამენტისა და ფლოტისაგან გრანტის სახით მიღებული $8,5 მილიონით ამას ნამდვილად ვერ შეძლებდნენ. როდესაც პუჯენტ-საუნდში SeaRay-ის გარს ვუვლით, ლეზერმანი გვიხსნის, რომ დანადგარის ორივე მინაბოჭკოვანი ფრთა, რომლებიც ცილინდრულ გონდოლაზეა მიმაგრებული, პირდაპირ უკავშირდება მაგნიტურ გენერატორს. როდესაც ფრთები ტალღებში მაღლა იწევს და შემდეგ კვლავ ეშვება, მაგნიტები გენერატორის სპირალში ზევით-ქვევით მოძრაობენ და წარმოქმნიან მაგნიტურ ველს, რომელიც ძაბვას ქმნის.

ტალღის სხვა გენერატორებთან შედარებით, რომლებიც ელექტროენერგიის მისაღებად დგუშებსა და ჰიდრავლიკურ სისტემებს იყენებენ, მას ბევრად ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვს. „ჩვენი აზრით, დანადგარი მარტივი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია ინჟინერია”, – აღნიშნავს ლეზემანი. მისი მტკიცებით, Columbia Power შეძლებს აწარმოოს ენერგია, რომლის ხარჯიც კონკურენტების ხარჯის მესამედიდან ნახევრამდე დიაპაზონში მოხვდება. „ჩვენ ელექტროენერგიას მხოლოდ ორი მოძრავი ნაწილით წარმოვქმნით”.

SeaRay-ის წყლიდან ამოღებას Columbia Power მარტისათვის გეგმავს, როცა მისი მუშაობის შესახებ უკვე ერთი წლის მონაცემები დაგროვდება. შემდეგ კი შეუდგება უკვე სრული მასშტაბის, 80 ფუტის სიგრძის ტალღის გენერატორის მშენებლობას, რომელიც 2013 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ლეზემანის ვარაუდით, წარმოების დასაწყებად $30 მილიონი იქნება საჭირო.

Bloomberg New Energy Finance-ის მთავარი რედაქტორის, მაკკრონის განცხადებით, ტალღის ენერგიის ნამდვილ ფასს მანამდე ვერ გავიგებთ, სანამ დანადგარების მასობრივი ამუშავება არ მოხდება, რაც 2020 წლის შემდეგაა მოსალოდნელი. „ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა კვლავ არსებობს, – ამბობს ის, – და ეს შესაძლებლობა უფრო დიდია, ვიდრე ხალხს აქამდე ეგონა”.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *