MONARQ: ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი

MONARQ: ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი

Monarq-ი წარმოადგენს ქალთა შორის მეგობრული ურთიერთობებისათვის შექმნილ პირველ აპლიკაციას. მისი მისიაა, დააკავშიროს ქალები მათ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ცვლილების დროს.

სტარტაპი: Monarq | ვებგვერდი: www.monarq.co

დამფუძნებლები: დიანა მურახოვსკაია & ირენ რიანაია

ენდრიუს კომენტარი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Tinder-ის არნახულმა ზრდამ უამრავ ანტრეპრენიორს უბიძგა ასევე არარომანტიკული ურთიერთობებისათვის განკუთვნილი ქსელური მომსახურების შექმნისკენ, რადგან სოციალურ ქსელში მომხმარებლისათვის ამ სრულიად ახალი გამოცდილების წყალობით მათ დაინახეს მოქმედი მოთამაშეების გაძევების რეალური შესაძლებლობა. ერთ-ერთი ასეთი ქსელური პლატფორმა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გონივრულ იდეას ემსახურება, არის ქალებისათვის განკუთვნილი „სამეგობრო ქსელი”. როდესაც პირველად შევიტყვე ამ იდეის შესახებ Monarq-ისაგან, მე ნაკლებად დამაინტერესა ამგვარ ქსელზე ბაზარში არსებულმა მოთხოვნამ, ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო იყო, თუ რატომ უნდა შექმნილიყო კიდევ ერთი ექსკლუზიურად ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი.

ყველა ქალბატონი, რომელსაც ამ იდეის შესახებ ვესაუბრე, მიიჩნევს, რომ მამაკაცებისაგან თავისუფალი სოციალური ქსელი ქალებს სთავაზობს გარემოს, სადაც ისინი უფრო მეტ მხარდაჭერასა და თანაგრძნობას მიიღებენ და სადაც მათთვის უფრო იოლი იქნება ახალი მეგობრების შეძენა და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება, ვიდრე ეს Facebook-სა და LinkedIn-ზეა შესაძლებელი.

დღეისათვის, Facebook-ის, Twitter- ისა და Pinterest-ის მომხმარებელთა უმეტესობა ქალები არიან. ქალები ასევე უფრო ხშირად მოიხმარენ ინტერნეტს, ვიდრე მამაკაცები. შესაძლოა, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გახდა ქალებისათვის განკუთვნილი ვერც ერთი სოციალური ქსელი ჯერჯერობით წარმატებული მდგომარეობს იმაში, რომ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალთა რაოდენობა მამაკაცებისაზე გაცილებით ნაკლებია. ტექნოლოგიური სივრცის ლიდერებად მიიჩნევიან ისინი, ვინც ადრეულ სტადიაზე თავისი წვლილი შეიტანა ყველაზე მსხვილი ინტერნეტბრენდების შექმნასა და მათ შემდგომ წარმატებაში. ისტორიულად, ამ ტექნოლოგიურ ლიდერთა უმეტესობა მამაკაცები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ მოვიძიე ვერც ერთი ემპირიული კვლევა, რომელიც აჩვენებდა ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ქალთა რაოდენობის ზრდას (სინამდვილეში, ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა საერთო რაოდენობამ, პირიქით, იკლო), ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ანტრეპრენიორთათვის განკუთვნილ სასწავლო ბანაკში ქალთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. Roadmap Course-ის 236 კურსდამთავრებულს შორის 30%-ს ქალები წარმოადგენდნენ, რაც სტარტაპების სამყაროში ქალთა რაოდენობის ზრდაზე მიანიშნებს.

ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვენჩურული სტარტაპების ხელმძღვანელ ქალთა რაოდენობა (18%). ჩემს პირად გამოცდილებას კიდევ ერთხელ ამყარებს იმავე კვლევის შედეგი, რომელიც მიუთითებს ისეთი სტარტაპების ზრდაზე, სადაც მინიმუმ ერთი თანადამფუძნებელი ქალბატონია. ტექნოლოგიურ სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების რაოდენობის ზრდა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ ქალებს სულ უფრო მეტი გავლენა (და გადამწყვეტი როლი) აქვთ ახალი სტარტაპების წარმატებაში.

მისია

ქალთა შესაძლებლობების გაფართოება იმისათვის, რომ მათ შეიძინონ მეგობრები და იცხოვრონ უფრო მდიდრულად, თავი რეალიზებულად იგრძნონ და ურთიერთობა უფრო მეტ ადამიანთან დაამყარონ.

მაკროთეზისი

თანამედროვე ქალების სოციალური მოთხოვნილებები სულ უფრო იცვლება და ვითარდება. ქალბატონები, რომლებიც არასაშტატო სამსახურებსა და სტარტაპებში იკავებენ თანამდებობებს, უფრო მობილური ხდებიან როგორც თავიანთ კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. მათი უმეტესობა ან გაუთხოვარია, ან მათ არატრადიციული რომანტიკული ურთიერთობები აქვთ. ამ ჩუმი რევოლუციის გამო, უამრავი ქალი კარგავს კავშირს თავის სოციალურ წრესთან და მათ ძალიან უჭირთ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ახალი მეგობრების შეძენისა და სოციალური ცხოვრების დალაგების ამჟამად არსებული საშუალებები ვერ აგვარებს ამ პრობლემას სხვადასხვა მიზეზის გამო. თავყრილობები, კონფერენციები და მსგავსი ღონისძიებები არ ემთხვევა მათ მზარდ, მრავალფეროვან და განსხვავებულ გრაფიკებს. ასეთი ღონისძიებები გეოგრაფიულად გაფანტულია, განსაკუთრებით, თუ ისინი ანტრეპრენიორი ქალბატონებისათვისაა განკუთვნილი. ქალბატონების დაახლოების კიდევ ერთი საშუალება არის შეხვედრების ქსელი და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მოწყობა იოლია, ეს ნამდვილად არ არის საკმარისი მეგობრის შესაძენად. ონლაინ გაცნობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ამ ბაზარმა მთლიანად გაანადგურა ადამიანების ონლაინ დაკავშირების სტიგმა და ეს ურთიერთობები რეალურ სამყაროში გადმოიტანა.

ბაზრის შეფასება

Monarq-ის შენებით ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ ბაზარს, რომელსაც ანალოგი არა აქვს. გაცნობისა და სოციალური მედიის ბაზრის შედარებით მეთოდზე დაყრდნობით ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალი „მეგობრობის ბაზრის” პოტენციური ღირებულება $4 მილიარდი იქნება. 25-დან 45 წლამდე (ჩვენი დემოგრაფიული სამიზნე ჯგუფი) დაახლოებით 45-50 მილიონი ქალბატონი არის აქტიური მომხმარებელი ისეთი სოციალური ქსელებისა და მედიაკომპანიების, როგორიც არის: Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი, Pinterest-ი და Refinery29. საშუალოდ ეს ქსელები თითოეულ თავიანთ მომხმარებელს $100-ად აფასებენ. შესაბამისად, ქალთა სოციალური ქსელის პოტენციურმა ღირებულებამ შესაძლოა $4 მილიარდს გადააჭარბოს.

პროდუქტი თუ მომსახურება

წარმოიდგინეთ, რომ საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადახვედით – ადამიანთა უმეტესობისათვის ეს ძალიან ნაცნობი განცდაა, რადგან ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა იცვლის საცხოვრებელ ადგილს. ახალ ქალაქში გადასვლა ერთდროულად მღელვარებასა და შიშთან არის დაკავშირებული, რადგან ყველა თქვენი მეგობარი, სავარაუდოდ, იმ ქალაქში დარჩა, რომელიც თქვენ დატოვეთ. და როგორ უნდა მოიქცეთ ახლა?

თქვენ უნდა გადმოტვირთოთ Monarq-ი და შეხვიდეთ თქვენს Facebook-ზე, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოვიძიოთ. შემდეგ ჩვენ გისვამთ სამ შეკითხვას თქვენი ინტერესების, ადგილმდებარეობისა და თეგლაინის შესახებ და მაშინვე გასაცნობად გთავაზობთ სამ ახალ ქალბატონს. საუკეთესო ნაწილი ის გახლავთ, რომ ეს არის ორმაგად ბრმა გაცნობა. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გაცნობა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორივე მხარე თანახმა იქნებით.

ჩვენ ასევე გეხმარებით ახლად გაცნობილ ადამიანთან საუბრის გაბმაში ისეთი სახალისო შეკითხვებით, როგორიც არის, მაგალითად, „რომელია თქვენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი?’ კითხვებზე პასუხი კიდევ უფრო აადვილებს ურთიერთობის დაწყებას. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდით თქვენ შესახებ, მით უფრო შესაფერ პოტენციურ მეგობარს შემოგთავაზებთ ჩვენ.

რეალობა თუ ტრაბახი?

Monarq-ის აპლიკაცია უკვე არსებობს App Store-ში. ჩვენი ახალი აპლიკაცია ამჟამად გადის ბეტა-ტესტირებას ე.წ. დახურულ წრეში და, შესაბამისად, აპლიკაციის თავდაპირველი გაშვება ამ შემოდგომას ფენიქსში, ვიწრო აუდიტორიისათვის შედგება. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ საკმაოდ ძლიერ მახასიათებელზე მუშაობას ჩვენი ბეტა-მომხმარებლების გამოცდილებაზე დაყრდნობით.

რატომ ჩვენ?

ჩვენ გვაქვს კომბინირებული გამოცდილება და ცოდნა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტექნოლოგიები, ბიზნესი და გაყიდვები. ჩვენ ვისწრაფვით იმისაკენ, რომ შევქმნათ ძალზე წარმატებული სტარტაპი. ჩვენ ვართ შეკრული გუნდი და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს უნარი დავინახოთ, თუ რომელ სფეროში მოვიკოჭლებთ. ჩვენ მოვახერხეთ სოციალური მედიის, დიზაინისა და კრეატივის იმ ექსპერტების ჩვენ გარშემო შემოკრება, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და სჯერათ ჩვენი წარმატების.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *