რუსეთის მოქალაქეების მონაცემების ქვეყნის ფარგლებში შენახვაზე უარის თქმის გამო ამერიკული ტექ-გიგანტები – Apple-ი და Zoom Video Communications-ი დაჯარიმდნენ. მოსკოვის ტაგანსკის საოლქო სასამართლოს დადგენილებით, Apple-ს 2 მილიონი რუბლის ($34 000) გადახდა დაეკისრა. Zoom-ი და ინტერნეტის სიჩქარის მზომი ხელსაწყოს მფლობელი კომპანია Ookla კი 1-1 მილიონი რუბლით ($17 000) დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ მოსკოვის ტაგანსკის საოლქო სასამართლომ მონაცემების შენახვასთან დაკავშირებული სხვა დარღვევისათვის Alphabet-ის Google-ი 60 000 რუბლით დააჯარიმა. Apple-ს, Zoom-ს, Ookla-სა და Google-ს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვმა დიდი ტექ-კომპანიების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. კონტენტის, ცენზურის, მონაცემების შენახვის წესისა თუ ადგილობრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით მოსკოვმა გიგანტ ტექნოლოგიურ კორპორაციებთან არაერთი მწვავე დავა წამოიწყო. აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, დასავლური კომპანიების რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილებაა.
დატოვე კომენტარი