მონაცემთა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ჩინეთში ადგილობრივი გიგანტი, Didi 1.2 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმეს. ქვეყნის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ კომპანია 2015 წლიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არალეგალურად აგროვებდა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება რისკის ქვეშ აყენებდა ეროვნულ უსაფრთხოებას.
უფრო კონკრეტულად, ჩინური სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, Didi ამ წლების განმავლობაში არალეგალურად, დაუცავი ფორმატით ინახავდა 57 მილიონი მძღოლის პირად ინფორმაციას. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლების შესახებ დეტალებს, ფოტო-ალბომსა და სახის ამომცნობ ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე აანალიზებდა.
„Didi-ს არალეგალურმა ოპერაციებმა ქვეყნის მთავარ საინფორმაციო ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა“, – ნათქვამია ჩინეთის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.
Didi-სათვის დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კომპანიის ყოველწლიური შემოსავლის 4%-ს შეადგენს. ცნობისთვის, 2021 წელს Didi-ს წლიურმა შემოსავალმა 27.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ირკვევა, გარდა ამისა, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტმა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი და პრეზიდენტი 148,000-148,000 აშშ დოლარით დააჯარიმა.
Didi-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მარეგულირებლის მიერ დაკისრებულ ჯარიმას ეთანხმება და ამ ინციდენტს სამომავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ჩინურ Didi-ს მარეგულირებლებთან პრობლემა შეექმნა. კომპანიამ მათთან კონფლიქტის გამო საკუთარი საბაზრო ღირებულების 80%, დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
დატოვე კომენტარი