იტალიურად Mondo მსოფლიოს ნიშნავს. Mondo ჰქვია ყავის მწარმოებელ ქართულ ბრენდსაც, რომელიც 2014 წლიდან პრემიუმ-ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და მისი ოცამდე სახეობა მსოფლიოს სამი კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს. თუმცა ბრენდი მხოლოდ ამით როდი ამართლებს სახელს – Mondo-ს კაფეს უკვე შუაგულ კალიფორნიაშიც შეხვდებით. კომპანიის თანამფლობელი 24 წლის გიორგი ბერიძეა, რომელიც ამერიკაში ჯერ სასწავლებლად ჩავიდა, შემდეგ კი მამის მიერ დაარსებული ყავის კომპანიის იქაურ ბაზარზე განვითარება გადაწყვიტა. იგი ასხივებს რწმენას, რომ კალიფორნია კომპანიის მხოლოდ პირველი ნაბიჯია გლობალურ ბრენდობამდე მიმავალ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელიც Mondo-ს წარმატების მაგიურმა არომატმა უნდა გაუკვალოს.
გიორგი, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც Mondo-ს პირველი კაფე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსენით და პირველ ლოკაციად კალიფორნია, ბევერლი-ჰილზი აირჩიეთ. როგორ მოხვდა Mondo იქ?
დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის ბაზარზე ყავა Mondo 2018 წელს გამოჩნდა. დავინახეთ, რომ წინ მივიწევდით, იზრდებოდა გაყიდვები, ამიტომ ჩვენი კომპანიის ფილიალიც გავხსენით. იმისთვის, რომ კიდევ უფრო ცნობადი გამხდარიყო ჩვენი ბრენდი, გადავწყვიტეთ, კაფეც გაგვეხსნა. ამაზე ფიქრისას მივხვდით, რომ გვინდოდა, ჩვენი პირველი კაფე ისეთ ადგილას ყოფილიყო, რომელიც ინოვაციებისა და მრავალფეროვნების ერთგვარი ცენტრი იქნებოდა. ასე აღმოვჩნდით ბევერლი-ჰილზში, სადაც ჩვენი კაფე გვაძლევს შესაძლებლობას, წვდომა გვქონდეს მომხმარებელთა ფართო სპექტრზე, რომლებიც მუდამ სიახლეებისა და პრემიუმ- -კლასის პროდუქტების ძიების პროცესში არიან. ეს კაფეზე უფრო მეტად სოციალური სივრცეა, სადაც მოდიან მომხმარებლები, მათ სხვადასხვა სახეობის ყავას ვთავაზობთ და ვუსმენთ მათ შეფასებებს, მოსაზრებებს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან აქ, კალიფორნიაში გარშემორტყმულები ვართ ტოპ-ბიზნესებით და სტარტაპებით, რომლებთანაც შეგვიძლია პოტენციურად პარტნიორობის დაწყება და იდეების გაცვლაც. ამერიკაში ყავის ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. აქ მომხმარებლის ნდობის მოპოვებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
სასურველი შედეგები თუ გაქვთ?
ეს კაფე თავის დანიშნულებას ძალიან კარგად ასრულებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება კერძო თვითმფრინავების გამქირავებელ (Private jet service) კომპანიასთან, რომელიც ბორტზე ჩვენს ყავას შეიტანს. ეს ყველაფერი კი სწორედ ჩვენი კაფედან დაიწყო. კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა, სხვადასხვა სახეობის ყავა გასინჯა, მოეწონა და ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
Mondo-ს კაფეს გახსნას ამერიკაში სხვა ლოკაციებზეც თუ გეგმავთ?
ჩვენ საქართველოშიც გვაქვს კაფეები და კარგად ვიცით, როგორ მუშაობს მთელი ეს სისტემა. ზოგადად ორიოდე კაფე სერიოზული შედეგების მიღწევაში ვერ დაგეხმარება, ამიტომაც თავიდანვე გვქონდა გათვლა, რომ აშშ-ში ჩვენი ობიექტი მინიმუმ ხუთ ლოკაციაზე მაინც გაგვეხსნა. პანდემიამ შეგვაფერხა, თუმცა გეგმებზე უარი არ გვითქვამს და უახლოეს ერთ წელიწადში კიდევ ორი კაფეს გახსნას ვაპირებთ, ერთის – ლოს-ანჯელესის ცენტრში, მეორის კი ოკეანის სანაპიროზე, სანტა-მონიკაში. სამივე კაფესთვის გაწეული ჯამური ინვესტიცია $1,2 მლნ იქნება. პირველი კაფეს გახსნა $0,5 მლნ დაგვიჯდა.
2020 წლის პანდემიამ ელექტრონული კომერციის პოპულარობა და მაჩვენებლები გლობალურად გაზარდა. რამდენად საგრძნობი იყო ეს Mondo-სთვის? როგორია ელექტრონული გაყიდვების წილი მთლიან მოცულობაში?
ელექტრონული კომერციის გაყიდვების ზრდა კოვიდპანდემიის დროს ჩვენი კომპანიისთვისაც საგრძნობი იყო. ჩვენ ონლაინმაღაზიები გვაქვს გახსნილი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთსა და ამერიკაში. საქართველოში ელექტრონული გაყიდვები პანდემიის დროს გაიზარდა, თუმცა მისი წილი მთლიან გაყიდვებში მაინც დაბალი – დაახლოებით 10%-ია. რუსეთში კი ონლაინგაყიდვები მზარდი იყო, იქ დიდი წილი (80%) სწორედ ელგაყიდვებზე მოდის. პანდემიის პერიოდი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მომხმარებელთა ჩვევები და მათი მოთხოვნები კარგად შევისწავლეთ და ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. Mondo-ს ყავის სხვადასხვა სახეობა 2019 წლიდან იყიდება Amazon-ზეც. გაყიდვები მზარდია? და ვინ არიან ძირითადი შემკვეთები? Amazon-ზე მომხმარებელთა 96%-ის კმაყოფილებას მუდმივად ვინარჩუნებთ. ძალიან დადებითი გამოხმაურება გვაქვს, განსაკუთრებით მოსწონთ Mondo-ს ე.წ. დრიპ-ყავა. ეს მართლა დიდი მიღწევაა ჩვენთვის, როგორც ახალი და უცხოური ყავის ბრენდისთვის ამერიკის კონკურენტულ ბაზარზე. პირველივე წელი ამ გიგანტ ონლაინ რიტეილ-კომპანიაში ჩვენთვის მოგებიანი იყო. ჩვენ შევძელით Amazon-ზე ჩვენი ნიშიც კი მოგვეპოვებინა სწორედ დრიპ-ყავის მიმართულებით. ამას მაღალი ხარისხით და საუკეთესო ფასებით ვახერხებთ. შედეგად Amazon-ზე ჩვენი გაყიდვები თვიდან თვემდე მზარდია საშუალოდ 13%-ით. თუმცა, გარდა Amazon-ისა, ჩვენი ყავა ამერიკაში ონლაინ უკვე Walmart.com-ზეც იყიდება. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათი სპექტრი მრავალფეროვანია, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ – ეძებენ მაღალი ხარისხის პროდუქციას.
თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, რომელ ბაზრებზეა კონკურენტუნარიანი ქართული წარმოების ყავა?
ზოგ ბაზარზე შესვლა და თავის დამკვიდრება ყავის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიდან გამომდინარე რთულია. მაგალითად, იტალია ამ მხრივ საკმაოდ ძნელად ასათვისებელი ბაზარია. ამ ქვეყანაში ყველა უცხოური ყავის ბრენდს უჭირს პოპულარობის მოპოვება. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოში წარმოებულ ყავის პროდუქციას ბევრ ბაზარზე შესვლა და წარმატების მოპოვება შეუძლია, განსაკუთრებით – მულტიკულტურულ და მრავალფეროვან ქვეყნებში, ასეთია აშშ-იც.
ზოგადად ვიცით, რომ ყავა, როგორც კულტურა, ევროპაში არ მოჰყავთ, იქაც იმპორტირებულ ნედლეულს იყენებენ წარმოებისთვის, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომაც მნიშვნელოვანია პროდუქციის ხარისხი, რაც Mondo-ს ყავის უმთავრესი უპირატესობაა. ვფიქრობ, როცა ჩვენი ყავის ექსპორტი იმ ბაზრებზე გაიზრდება, სადაც დიდი კონკურენციაა, შემდეგ შესაძლებელია, რომ ქართული ყავაც, როგორც ბრენდი, პოპულარული გახდეს.
რომელია თქვენი ძირითადი საექსპორტო ქვეყნები და სად გეგმავთ შესვლას?
ექსპორტი 2017 წლიდან დავიწყეთ. მას შემდეგ ჩვენი ექსპორტის მოცულობა ყოველ წელს მზარდია. პანდემიის დროსაც კი გაიზარდა. წელს ველოდებით, რომ 7-8%-იანი ზრდა გვექნება. ჩვენ ოფიციალური ფილიალები გვაქვს გახსნილი აშშ-სა და რუსეთში, ამიტომაც ეს ორი ქვეყანა ჩვენი უმთავრესი საექსპორტო ბაზარია. ამას გარდა, ჩვენ წარმომადგენლობები გვაქვს საბერძნეთში, აზერბაიჯანში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. ვმუშაობთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთანაც. ცოტა ხანში ყაზახეთშიც შევდივართ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ესპანეთში ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთანაც. ჩვენი პოპულარობის გაზრდისთვის ყოველთვის ვმონაწილეობთ და მომავალშიც ვაპირებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში, რაც ძალიან გვეხმარება. Mondo იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „მსოფლიოს“, ამიტომაც ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთელ მსოფლიოში ვიყოთ წარმოდგენილი.
Mondo არის საერთაშორისო ყავის ორგანიზაციის წევრი. რა ტენდენციებია ყავის გლობალურ ბაზარზე?
ძალიან საინტერესო ტენდენციაა ის, რომ გლობალურად ნატურალური ყავის წილი მზარდია. ხსნადი ყავის წილი და მასზე მოთხოვნა კი ნელ-ნელა მცირდება. იზრდება ხარისხიც. მწარმოებლები უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ ხარისხის გაუმჯობესებაზე. მეორე მხრივ, ყავის გლობალურ ბაზარზე ბოლო პერიოდში არაერთი პრობლემა წარმოიქმნა. მაგალითად, ბრაზილიაში ყავის ნედლეულის მოყვანა შემცირდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, პანდემია და ინფიცირების შემთხვევების ზრდა, მეორე მხრივ კი გვალვა გახდა. გარდა ამისა, პანდემიამ შეაფერხა ყავის ნედლეულის ტრანსპორტირება, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები, გაზარდა ხარჯებიც და, შესაბამისად, მოიმატა ფასმაც. ჩვენც გაგვიძვირდა ნედლეულის საიმპორტო ფასები, მაგრამ პროდუქცია მაინც არ გავაძვირეთ.
Mondo-ს სამომავლო პროექტებსა და გეგმებზეც გვითხარით…
საქართველოთი რომ დავიწყოთ, ჩვენს ქვეყანაში ყავის კულტურა იზრდება, ნელ-ნელა იზრდება ხარისხიან ყავაზე მოთხოვნაც. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ჩვენც მუდმივად ვმუშაობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი გემოების შექმნაზე და ა.შ. პარალელურად ვზრდით ჩვენს გაყიდვებს და საექსპორტო ბაზრების არეალს ვაფართოებთ – მათ შორის აშშ-ში, რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. ამერიკაში ვგეგმავთ ყავის მინი-საწარმოს გახსნას Mondo-ს ბრენდის სახელით, რომელიც მაღალი ხარისხის ყავის ე.წ. Specialty coffee-ს წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, ვგეგმავთ, სურსათის მაღაზიებს ჩვენი ე.წ. დრიპ-ყავაც შევთავაზოთ. როგორც წესი, ამერიკაში სასურსათო მაღაზიების უმრავლესობა სხვადასხვა კარგად ცნობილი ბრენდის მიერ წარმოებულ მსგავსი სახეობის ყავას უკვე სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ე.წ. დრიპ-ყავის კატეგორიაში ინოვაციები არ ყოფილა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დროა, ამ კუთხით რაღაც შევცვალოთ და ჩვენი ბრენდი ამას გააკეთებს. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ერთგვარი ალტერნატიული ვერსიაც შევქმენით – დრიპ-ყავა, რომელიც ჩაის პაკეტების მსგავსია და ანალოგიურად გამოიყენება. ამ პროდუქციის მცირე რაოდენობით შეთავაზებას მალე დავიწყებთ და მომხმარებლის უკუკავშირს დაველოდებით.
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პროდუქციაზე საექსპორტო მიმართულებით მოთხოვნა გაიზარდა, საწარმოს წარმადობის გაზრდის საჭიროებაც დაგვიდგა.
ამჟამად დღეში ორ ტონა ყავას ვაწარმოებთ, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. რამდენიმე დღის წინ უკვე მეორედ მივიღეთ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თანადაფინანსება, ამჯერად 1 მლნ ლარის ოდენობით. ამ ფინანსური რესურსების დახმარებით საწარმოს დაემატება ახალი, იტალიური სრულად ავტომატიზებული შესაფუთი ხაზები, რის შედეგადაც წარმადობა 45%-ით გაიზრდება.
გვჯერა, რომ Mondo ისეთი მასშტაბური ბრენდი გახდება, რომ ერთ დღესაც მზად ვიქნებით, ჩვენი აქციები საფონდო ბირჟაზე განვათავსოთ.
დატოვე კომენტარი