მონტანის გუბერნატორმა გრეგ ჯიანფორტემ, შტატის მასშტაბით, TikTok-ის გამოყენების აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა. შედეგად, მონტანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, რომელმაც ჩინეთის მხრიდან მონაცემთა შეგროვების შესაძლო რისკისგან მოსახლეობის დასაცავად, პოპულარული ვიდეოპლატფორმის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
განკარგულება ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და მონტანის ფარგლებში, Google-ისა და Apple-ის აპლიკაციების ბაზიდან TikTok-ის გადმოწერაზე აკრძალვას დააწესებს. კანონის დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე Apple-სა და Google-ს შესაძლოა $10,000-ის გადახდა დაეკისროთ. მიუხედავად ამისა, პლატფორმის გამოყენებაზე ინდივიდუალური მომხმარებლების მიმართ ჯარიმა არ დაწესებულა.
ცნობისთვის, გუბერნატორის მიერ განკარგულების ხელმოწერამდე, TikTok-მა განცხადება გამოაქვეყნა და პლატფორმის შესაძლო აკრძალვას აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევა უწოდა. „კომპანია განაგრძობს მისი მომხმარებლების უფლებების დაცვას როგორც მონტანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – ვკითხულობთ TikTok-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ექნება თუ არა რაიმე სახის სამართლებრივი პასუხი მონტანის გადაწყვეტილებაზე TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ისგან, ჯერჯერობით უცნობია.
მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, TikTok-ს 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული ტინეიჯერებშია. Pew Research-ის თანახმად, აშშ-ში 13-დან 17 წლამდე მოზარდების 67% ჩინურ ვიდეოპლატფორმას აქტიურად იყენებს.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო მოწყობილობებში ჩინური სოციალური ქსელის გამოყენება უკვე შეიზღუდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში. სახელმწიფოები შიშობენ, რომ TikTok-ის საშუალებით შესაძლოა, პეკინმა მომხმარებელთა მონაცემებზე ინფორმაციის მიღება შეძლოს.