“სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებებით საქართველოს გაეხსნა წვდომა არაერთ ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s და ელოდება, რომ FDI მშპ-ს 10%-მდე გაიზრდება. სააგენტო თავის განახლებულ შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის რეიტინგზე გავლენას ახდენს ქვეყნის პოტენციური მაღალი ეკონომკური ზრდა, ძლიერი და განვითარებადი ინსტიტუტები და ვალის ზომიერი მოცულობა. ამასთან, შემოსავლების დაბალი მაჩვენებელი, მცირე ზომის ეკონომიკა, საგარეო შოკების მიმართ მგრძნობელობა და ლატენტური გეოპოლიტიკური რისკი.
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გასულ წელს გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ სტაბილურით შეაფასა.
Moody’s-ის დასკვნები სააგენტოს საკრედიტო ანალიზშია ასახული, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ოთხი მაჩვენებელი შემდეგნაირად ფასდება:
ეკონომიკური სიძლიერე – სუსტი (+)
ინსტიტუტების სიძლიერე – ძლიერი (-)
ფისკალური სიძლიერე – ზომიერი
რისკების მიმართ მდგრადობა – ზომიერი
Moody’s აღნიშნავს, რომ რეიტინგზე გავლენას ახდენს საქართველოს მჭიდრო კავშირი ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
რაც შეეხება რეიტინგის შემზღუდავ რისკებს, სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მცირე მოცულობისაა შიდა დანაზოგები, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი საგარეო ვალით ფინანსდება, რაც თავის მხრივ ეკონომიკას საგარეო დაფინანსების წყაროებზე დამოკიდებულს ხდის.
გასულ კვირას საქართველოს რეიტინგი გააუმჯობესა კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტომ. კერძოდ, Fitch-მა საქართველოს პროგნოზი “სტაბილურიდან” პოზიტიურით შეცვალა. სააგენტო მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეიტინგის შემზღუდავ ფაქტორებს შრის Fitch მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსა და საგარეო ვალის მშპ-სთან მოცულობას ასახელებს. მიზეზად მცირე მოცულობის შიდა დანაზოგები და იმპორტზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება სახელდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში მაღალია დოლარიზაციის წილი, თავად ეკონომიკა კი მგრძნობიარეა საგარეო ფაქტორების, მათ შორის მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურების მიმართ. Fitch აღნიშნავს, რომ 2017 წელს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ექსპორტის ზრდამ და ეკონომიკურმა გამოჯანსაღებამ იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ქართული დიასპორაა წარმოდგენილი, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ფულადი გადმორიცხვების ზრდას. თუმცა სააგენტო მიმდინარე წელს ექსპორტის პოზიტიური გავლენის ნეგატიურით შეცვლას ელოდება. მიზეზად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად გაზრდილი იმპორტი სახელდება.
დატოვე კომენტარი