Morgan Stanley ვარაუდობს, რომ რუსეთი დეფოლტს ერთ თვეში გამოაცხადებს

Morgan Stanley ვარაუდობს, რომ რუსეთი დეფოლტს ერთ თვეში გამოაცხადებს

უკრაინასთან ომისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების პარალელურად, რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური მოლოდინები მკვეთრად უარესდება. აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, ერთ თვეში, კერძოდ, 15 აპრილისთვის ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლოს და დეფოლტი გამოაცხადოს.

„ჩვენი შეფასებით, დეფოლტის გამოცხადება ყველაზე მოსალოდნელი სცენარია. ამ შემთხვევაში, ეს არ იქნება ჩვეულებრივი დეფოლტი, სავარაუდოდ, ჩვენ ვენესუელის მსგავს დეფოლტს ვიხილავთ“, – თქვა Morgan Stanley-ს სუვერენული საკრედიტო სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა, საიმონ უეივერმა.

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო, ვენესუელის მთავრობამ და ქვეყნის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ დეფოლტი 2017-2019 წლებში გამოაცხადეს, ვალდებულებების საერთო მოცულობა 60 მილიარდ დოლარს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ Morgan Stanley-ს ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების – Fitch-ის, Moody’s-სა და S&P Global-ის შეფასებები, მათი განმარტებით, დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, რუსეთის საკრედიტო რეიტინგი კრიტიკულ დონემდეა შემცირებული და ის უკვე დეფოლტის რისკის ზონაშია.

ცნობისთვის, დეფოლტი აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს. ტერმინი დეფოლტი გამოიყენება მაშინაც, როცა შესაძლოა, მოვალეს ვალის გადახდაზე სრულად არ უთქვამს უარი, მაგრამ დროებით ვალის მომსახურება არ შეუძლია, ვერ ფარავს დარიცხულ მიმდინარე პროცენტს და ვალის ძირის წილს.

როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ქვეყანას უჭირს ახალი ვალების აღება, აღარ აძლევენ ან თუ აძლევენ, მნიშვნელოვნად ამაღლებული საპროცენტო განაკვეთით.

ქვეყნის დეფოლტი ხშირად ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული, ან თავად იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს კი აღრმავებს. დეფოლტის დროს შესაძლოა, ქვეყნის გარკვეული აქტივების კონფისკაციაც მოხდეს, პირველ რიგში ეს ეხება დეფოლტში მყოფი ქვეყნის უცხოურ აქტივებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *