Caucasus Research Resource Center-ის (CRRC) სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა (80%) ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აკისრებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი (61%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაზარდოს. მოსახლეობის 32% თვლის, რომ მთავრობა უკრაინას საკმარისად უჭერს მხარს, გამოკითხულთა უკიდურესად მცირე ნაწილი (2%) კი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს.
რაც შეეხება საქართველოს შეერთებას დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან, მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს, გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ ქვეყანა ზოგიერთ სანქციას უნდა შეუერთდეს, მოსახლეობის მხოლოდ 19% კი თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ უნდა შეუერთდეს სანქციებს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა (64%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. პრეზიდენტის ქმედებებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება კი გამოკითხულთა მხოლოდ 15 პროცენტს აქვს.
შედარებისთვის, გამოკითხულთა უმეტესობა (42%) საქართველოს პარლამენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს უარყოფითად აფასებს. პარლამენტის ქმედებების მიმართ დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 34%-ია განწყობილი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დადებითად გამოკითხულთა 41% აფასებს, ცუდად და ძალიან ცუდად კი – მოსახლეობის 39 პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედებებს დადებითად აფასებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც. პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი, დადებითი შეფასებები ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდანაა.
მოსახლეობის 75% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 70% – NATO-ში გაწევრიანებას, მოქალაქეთა 75 პროცენტი კი ნაწილობრივ ან სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლას.
სატელეფონო გამოკითხვა 7-10 მარტს ჩატარდა და მასში 1,092 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების მაჩვენებელი 2.96%-ს შეადგენს.
დატოვე კომენტარი