როგორც ირკვევა, ევროკავშირის მხრიდან რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესაძლო დაწესების ფონზე, იტალიის ხელისუფლებამ რუსული ნავთობის იმპორტი გაზარდა, – ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მაისში იტალიამ ყოველდღიურად 450 ათასი ბარელი ნავთობი შეიძინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.
ამგვარად, იტალიამ ზღვის გავლით იმპორტირებული ნავთობის მოცულობით ნიდერლანდებს გადაასწრო. FT-ის ინფორმაციით, რუსული ნავთობის იმპორტის მესამედი კუნძულ სიცილიაზე არსებულ საპორტო ქალაქ აუგუსტაზე მოდის, რომელთან ახლოსაც „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, ISAB-ი მდებარეობს. ამასთანავე, ექსპორტი გაიზარდა ტრიესტის მიმართულებითაც, საიდანაც ტრანსალპური მილსადენით, ნავთობი გერმანიაში მიედინება.
საინტერესოა, რომ „ლუკოილი“ ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში არ მოხვდა, მაგრამ ქალაქ აუგუსტასთან არსებულ ტერმინალს პრობლემები მაინც შეექმნა, რომლის გამოც, ის მის მფლობელ კომპანიაზე სრულად დამოკიდებული გახდა. საქმე ისაა, რომ სანქციებამდე, ISAB-ში გადამუშავებული ნავთობის მხოლოდ 30% იყო რუსული, მაგრამ ახლა – ის სრულად რუსულ ნავთობზე არის დამოკიდებული – ასე ფიქრობს ერთ-ერთი სიცილიური პროფესიული კავშირის გენერალური მდივანი, ალესანდრო ტრიპოლი.
როგორც ირკვევა, ISAB-ი რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელია – ამგვარად, რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგო სიცილიურ ეკონომიკას მძლავრად დაარტყამს. FT-ის ინფორმაციით, მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი იტალიის ხელისუფლებასაც აშინებს – რომში გამოსავალს ეძებენ, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ნაციონალიზაცია არ განიხილება.
დატოვე კომენტარი