რუსეთის ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, Rosneft-მა, მყიდველთათვის ნავთობის მიწოდების გასაადვილებლად, ტანკერების დაქირავების ბიზნესი გააფართოვა. საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს თანახმად, კომპანიის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის გადაზიდვებზე ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება.
წარსულში სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Rosneft-ი, ნავთობს ე.წ. „დატვირთვის პორტის“ საშუალებით ყიდდა, რაც ნიშნავს, რომ მყიდველს თავად უწევდა როგორც ტანკერების მოძიება, ასევე ტვირთის გადატანისა და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება. თუმცა, წყაროთა ცნობით, ევროკავშირის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებიდან გამომდინარე, მყიდველები კომპანიისგან ტვირთის საბოლოო დანიშნულებამდე მიწოდებასა და ხარჯების საკუთარ თავზე აღებას ითხოვენ. ცნობისთვის, Rosneft-ი რუსული ნავთობის 40%-ზე მეტს აწარმოებს.
Rosneft-ის მომხმარებლების უმრავლესობას ტვირთის გადაზიდვების ოპერაციებისთვის საჭირო ბიზნესი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, Rosneft-ის გადაწყვეტილება, თავად შესთავაზოს კლიენტებს შესაბამისი სერვისიც, სავაჭრო ინდუსტრიის წარმომადგენლების აზრით, სანქციების ქვეშ მყოფი რეგიონების მომხმარებლებს შესაძლოა გადაზიდვებთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილებაში დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემდგომ, რუსეთმა ექსპორტი აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსული ნავთობის ექსპორტი ინდოეთში წლიურად 1,252%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთისთვის მიმდინარე წლის მაის-ივლისის პერიოდში, რუსეთი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა.
დატოვე კომენტარი