“ხშირად უბრალოდ ნაგვის გროვას ჰგავს”, – ამბობს Waste Management-ის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ სტეინერი. კომპანიის გადამმუშავებელი ქარხანა აქვს მხედველობაში, რომელიც ჰიუსტონში მდებარეობს. ხმაურიანი, აყროლებული, მტვრიანი, 40,000-კვადრატულფუტიანი, არცთუ მომხიბლავი და პრაქტიკული გარეგნობის მოწყობილობა დღეში 300 ტონას უმკლავდება. მასალა ერთი კონვეიერიდან მეორეზე მიფრინავს. მაგნიტებს ფოლადის ქილები გამოაქვს. ფილტრები მუყაოსა და ქაღალდს აცალკევებენ. ოპტიკური სენსორები საგანგებო ხელსაწყოში ჰაერის წნევას ააქტიურებენ, რისი წყალობითაც ბოთლები სათანადო არხებში ხტებიან.
მაგრამ ყველაფრის გადამუშავება როდი ხდება. იმის 15%, რასაც მოქალაქეები გადასამუშავებელ ურნებში ათავსებენ, წესით, ნაგვის ურნებში უნდა მოთავსებულიყო. მუშები მტვრისაგან ბენდენებით იცავენ სახეს, კონვეიერებთან დგანან და ხელით არჩევენ მასალას. „ხალხს კარგი განზრახვები აქვს“, – ამბობს სტეინერი, მაგრამ მათთვის დიდი გადასამუშავებელი ურნებისა და გადამუშავების მეტი შესაძლებლობის მიცემას „უნებლიე შედეგები“ მოჰყვება: მალე ყველაფრის გადამუშავებას ინდომებენ. პოლიეთილენის პარკები პრობლემის ტრადიციული წყაროა, ბაღის ძველი სარწყავი შლანგებიც: მოწყობილობის ირგვლივ იხვევიან და საქმეს აფერხებენ. „ეს ქარხანაში ტექნიკურ ხარვეზებს აჩენს. რეალურად ღირებული რაღაცების გადამუშავებას ართულებს“, – ამბობს სტეინერი.
ეს საკითხი ახლა იმიტომ გახდა მნიშვნელოვანი, რომ გადამუშავების ეკონომიკა თავდაყირა დადგა. ერთ დროს გადამუშავება მშვენიერ მაგალითს წარმოადგენდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყავი კარგად კარგი საქმის კეთებით. ეს მწვანე საქმე იყო… და მოგებიანიც. 2014-ში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩინეთი ხარბად ეწაფებოდა ჩვენ მიერ მსუბუქად ნახმარ ქაღალდს, ალუმინსა და ფოლადს, ერთ რაიონში მოგროვებული ერთი ტონა ნახმარი ნივთების გადამუშავებით, საშუალოდ, სულ ცოტა, $100-ს იშოვიდი. ეს საკმარისზე მეტი იყო ერთი ტონის გადამუშავებისთვის საჭირო $80-ის ხარჯების დასაფარად და კარგი მარჟის დასატოვებლად Waste Management-ის მეწილეებისთვის.
მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. შენელებულმა ზრდამ ჩინეთში მოთხოვნა შეამცირა. ნავთობის სიუხვემ ახალი პლასტიკატები უფრო იაფი გახადა, ვიდრე გადამუშავებული. პეკინმა ე.წ. „მწვანე გალავანიც“ კი აღმართა, რომელიც საკანონმდებლო სტანდარტებს ადგენდა ამერიკიდან იმპორტირებული გადამუშავებული საქონლისთვის. ახლა მხოლოდ უნდა გაგიმართლოს, ერთი ტონა ნახმარი მასალისგან $80 რომ იშოვო – იგივე თანხა, რაც მის გადასამუშავებლადაა საჭირო.
Waste Management-ის მუნიციპალურ კლიენტებს დღეს პარადიგმას სთავაზობენ: სტეინერის თქმით, „როცა ფასები მაღალია, გადასამუშავებელ მასალაში გადაგიხდით. როცა ფასები დაბალია, მოგვიწევს, ფული იქით გამოგართვათ“. ფართო მოხმარების საქონლის ბუმისას, გადამუშავების ოპერაციების წყალობით, Waste Management-ის წლიური ფულადი ბრუნვა (გადასახადების გამოკლებით) $150 მილიონს შეადგენდა, წელიწადში კი $100 მილიონს აბანდებდა გადამუშავებაში. მაგრამ 2013 წლიდან მოყოლებული, გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლები 20%-ით დაეცა და გასულ წელს, $1.2 მილიარდი შეადგინა (ჯამური გაყიდვებიდან მიღებული $13 მილიარდიდან, რომელთა უმეტესი ნაწილი ნაგვის ტრადიციულ შეგროვებას უკავშირდება).
სისხლდენის შესაჩერებლად, სტეინერმა წაგებიან მწვანე ინიციატივას ლახვარი ჩასცა, მაღალტექნოლოგიური ნაგავსაწვავის ბიზნესი $2 მილიარდად გაყიდა და 126-დან 22 გადამმუშავებელი ქარხანა დროებით გააჩერა. ბოლო 18 თვის მანძილზე კომპანიამ განახლებული კონტრაქტები შესთავაზა 150 მუნიციპალიტეტს. „ახლა $40 მილიონიდან $50 მილიონამდე ვაკეთებთ და არაფერს ვაბანდებთ“, – ამბობს სტეინერი. ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი: Waste Management-ის აქციების ფასი შარშან 28%-ით გაიზარდა.
ჰიუსტონში, მაგალითად, კომპანია წელიწადში $1 მილიონს აგებდა. ამ წლის დასაწყისში, კონტრაქტების განახლების დროს, ქალაქი ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო, საერთოდ მიენებებინა თავი გადამუშავებისთვის, ვიდრე ამ პრივილეგიაში ფული ეხადა. ბოლო-ბოლო, ჰიუსტონი ისეთ კონტრაქტს დათანხმდა, რომლითაც Waste Management-ს გადამუშავებისთვის წლიურად $3 მილიონს უხდის, მაგრამ მინის მოგროვებას წერტილს უსვამს (ერთი ტონა მინის ჭუჭყიან მასად დამსხვრევა $100 ჯდება და თანაც, ცოტა მყიდველი ჰყავს). მიწაში ჩაფლული ნაგვის ხარჯები ტონაზე სულ რაღაც $27-ია, მაგრამ იქ მოგროვილი მინის ბოთლები არავითარ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას არ გამოტუტავს. მინის გადამუშავება ჰიუსტონს წელიწადში $1 მილიონი დაუჯდებოდა.
მინის გარეშე, Waste Management-ისთვის უფრო ადვილია, მაღალი ღირებულების მქონე მასალაზე ფოკუსირდეს. შარშან გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) კვლევა ჩაატარა და დააკვირდა სხვადასხვა მასალის „ჩაშენებულ ენერგიასა“ და იმას, თუ რამდენი ენერგია იზოგება ამ მასალების გადამუშავებით. ალუმინი გამოკვეთილი ლიდერია. რამდენადაც ამ ლითონს უამრავი ელექტროენერგია სჭირდება შესაქმნელად, ხოლო ახალ ქილებად გარდაქმნისათვის – ძალიან ცოტა, ამდენად, ყოველი ერთი ტონა ალუმინის ქილები 26 ბარელი ნავთობის ეკვივალენტურ ენერგიას შეიცავს. ენერგიის ეს ღირებულება ნათლად იჩენს თავს ერთ ტონა ალუმინის ჯართის ფასში – $1,200-ში. გადასამუშავებლად ღირებულ სხვა მასალებს შორისაა სპილენძის მავთულები: ერთი ტონის ენერგია 14 ბარელი ნავთობისას უტოლდება; შერეული პლასტიკატებისთვის ეს მაჩვენებელი 7-ია, პერსონალური კომპიუტერებისთვის – 5, ფოლადის ქილებისთვის – 4 და გაზეთებისთვის – 3. რომ შევადაროთ, ერთი ტონა მინის ენერგია სულ რაღაც ნახევარი ბარელისას შეესაბამება – დაახლოებით იმდენს, რამდენიც მანქანას სჭირდება, ეს მინის ნაწარმი რომ დიდ ნაგავსაყრელზე წაიღოს.
თვით სუპერმწვანე კალიფორნიაშიც კი მინის ჯართს “უარყოფითი ღირებულება” აქვს: ტონა – $6. Container Recycling Institute-ის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კალიფორნია 800 გადამმუშავებელი ცენტრის (მთლიანი რაოდენობის თითქმის მესამედის) დახურვის მოწმე გახდა. ცხადია, ზოგიერთ ეკოცენტრისტ ქალაქს სულ არ ადარდებს ბაზრის ასეთი სიგნალები. 2014 წლიდან დაწყებული, საპილოტე პროგრამაში, ნიუ-იორკი ტონაში $1,200-ს იხდის, რათა 16,000 ტონა სამზარეულოს ჯართი მოაგროვოს. „თუ გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი გინდა და თუ მზად ხარ, გადასახადები გაზარდო, ჩვენ დაგეხმარებით, – ამბობს სტეინერი. – შეგვიძლია, თქვენი ბოთლები ზეთად ვაქციოთ. დავწვათ ენერგია. ან ჩავფლოთ მიწაში. არსებობს მწვანე სპექტრი. და ხარჯების სპექტრიც. ყველაზე მწვანე ყველაზე ძვირი ღირს“.
სტეინერი არ ღელავს, ცოტათი უფრო სოლიდური ნაგავი გადასამუშავებელი ქარხნის ნაცვლად, დიდ ნაგავსაყრელზე რომ მიდის. Waste Manegement-ი თავის 249 ნაგავსაყრელში წელიწადში $400 მილიონს აბანდებს. წინა თაობის ნაგავსაყრელებთან შედარებით, ესენი გაცილებით სუფთაა და თან ისეა შექმნილი, რომ ლპობადი ნაგვისგან წარმოქმნილი მეთანის გაზი არსად გაუშვას. კომპანია ნაგავსაყრელზე იმდენ გაზს აწარმოებს, რომ 470,000 ოჯახს ეყოფოდა. სტეინერი იმ დღეზე ფიქრობს, როცა ნაგავსაყრელების კვლავ დამუშავება ეკონომიკურად გონივრული იქნება, იქიდან მეტი ლითონი და პლასტიკატი რომ “მოიპოვონ”. „ყველაფერს, რასაც მიწაში ვფლავთ, თავისი ღირებულება აქვს, – ამბობს ის. – შესაძლოა, დადგეს დღე, როცა მიწის ამოთხრა და რაღაცების ამოღება მოვინდომოთ. თუ ოდესმე $200-იანი ნავთობი გვექნება და ჩინეთიც 7%-იან ზრდას დაადგება, შესაძლოა, ეს ღირდეს“.
დატოვე კომენტარი