მოსკოვმა რუსეთში Danone-ის შვილობილ კომპანიასა და Carlsberg-ის წილზე კონტროლი აიღო

მოსკოვმა რუსეთში Danone-ის შვილობილ კომპანიასა და Carlsberg-ის წილზე კონტროლი აიღო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული დეკრეტის თანახმად, ფედერაციამ ქვეყანაში ფრანგული Danone-ის შვილობილ კომპანიასა და ლუდის მწარმოებელი Carlsberg-ის ადგილობრივ ლუდსახარშში არსებულ წილზე სრული კონტროლი აიღო.

დეკრეტის თანახმად, Danone Russia-სა და Baltika Breweries-ის უცხოური აქციები „დროებით მენეჯმენტის“ მიზნით სახელმწიფო ქონების სააგენტოს, Rosimushchestvo-ს მფლობელობაში გადავიდა.

შეგახსენებთ, მსგავსი პრინციპით გერმანული Uniper-ისა და ფინური Fortum-ის რუსულ შვილობილ კომპანიებზე კონტროლი სახელმწიფომ აპრილში დაამყარა. მაშინ კრემლმა დასავლური კომპანიები და ქვეყანაში აქტივების მქონე ფირმები მსგავსი „დროებითი ბერკეტების“ ამოქმედების შესახებ გააფრთხილა.

Carlsberg-ის მიერ გუშინ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიას რუსული სამთავრობო უწყებებისაგან პრეზიდენტის დეკრეტის ან Baltika Breweries-სთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია. ცნობისთვის, ივნისში Carlsberg-ის განცხადებით, კომპანიამ რუსეთში არსებული ბიზნესის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია და მარეგულირებლის თანხმობის მოლოდინში გახლდათ.

Danone-ი აცხადებს, რომ კომპანია ჯერჯერობით საკითხის მოკვლევის ეტაპზეა და კრემლის გადაწყვეტილებას კომპანიის ფინანსურ მმართველობაზე 2023 წლის ბოლომდე გავლენა არ ექნება. ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფრანგული Danone-ი რუსეთში რძის პროდუქტების ბიზნესის მყიდველს ეძებდა.