ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე განცხადებას ავრცელებს.
საელჩო აღნიშნავს, რომ მოსმენების კანონი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აშორებს.
“პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა”, – წერია განცხადებაში.
ე.წ. მოსმენების კანონი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მნიშვნელოვნად ეზრდებათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული მიყურადების განხორციელების ვადები. აღსანიშნია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს 22 ივნისს ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
დატოვე კომენტარი