კალიფორნიაში თვეების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო მოსმენები Theranos-ის დამფუძნებლის, ელიზაბეთ ჰოლმსის მიერ ინვესტორების მოტყუების შესახებ დასრულდა. თაღლითობაში ბრალდებული ჰოლმსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
საქმის პროკურორის განმარტებით, ჰოლმსმა განზრახ იცრუა ტექნოლოგიის შესახებ, რომელსაც, მისი ცნობით, სისხლის რამდენიმე წვეთის ლაბორატორიული კვლევით დაავადებების აღმოჩენა შეეძლო. საბოლოოდ კი ნაფიცმა მსაჯულებმა ელიზაბეთ ჰოლმსი დამნაშავედ ცნეს ინვესტორების წინააღმდეგ თაღლითურ შეთქმულებასა და კიდევ სამ ბრალდებაში.
თავად ჰოლმსმა ბრალი უარყო. აღსანიშნავია, რომ Theranos-ის დამფუძნებელი ჯერ არ დაუკავებიათ, ასევე უცნობია განაჩენის გამოტანის თარიღიც. შემდგომი სასამართლო მოსმენა მომდევნო კვირას არის ჩანიშნული.
ცნობისათვის, ჰოლმსს ჯამში 11 ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, რომელთაგან ოთხში, რომლებიც საზოგადოების წინააღმდეგ თაღლითურ შეთქმულებას ეხებოდა, ის უდანაშაულოდ ცნეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ Theranos-ზე მთელი მსოფლიო დიდ იმედებს ამყარებდა. თავად ელიზაბეთ ჰოლმსმა მილიარდერებისაგან, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკისა და ტექმაგნატ ლარი ელისონისაგან, ინვესტიციების სახით 900 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა.
კომპანია პირობას დებდა, რომ ჯანდაცვის ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენდა ტესტით, რომელსაც სისხლის რამდენიმე წვეთის გამოკვლევით სიმსივნისა და დიაბეტის აღმოჩენა შეეძლებოდა. თუმცა 2015 წელს, Wall Street Journal-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამჟღავნდა, რომ Theranos-ის ტექნოლოგია არ მუშაობდა.
სასამართლო მოსმენებში, კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ის აღიარებს Theranos-ის საოპერაციო შეცდომებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ინვესტორები და პაციენტები განზრახ შეცდომაში არასდროს შეუყვანია.
დატოვე კომენტარი