მოულოდნელი ან პირიქით, სულაც მოსალოდნელი: „უნიქარდი“ კრიპტომოგზაურობას იწყებს

მოულოდნელი ან პირიქით, სულაც მოსალოდნელი: „უნიქარდი“ კრიპტომოგზაურობას იწყებს

მოდი, შეკითხვით დავიწყოთ: რა იცით კრიპტოინდუსტრიის ზომა-წონაზე? მიმდინარე წლის ივლისში, გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ $1.7 ტრილიონი შეადგინა. თავად ეს რიცხვი – $1.7 ტრილიონი, შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მეტი სიცხადისთვის ის სხვა ინდუსტრიების კაპიტალიზაციას უნდა შევადაროთ. 2022 წლის დასაწყისში, დაახლოებით ამავე მოცულობის საბაზრო კაპიტალიზაცია ჰქონდა გლობალურ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიას. ამავე პერიოდში, საავტომობილო ინდუსტრიის კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, ხოლო ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და წარმოების ინდუსტრიამ $4 ტრილიონზე ოდნავ მეტი.

თუმცა ერთადერთი, რასაც აღნიშნული მონაცემები არ ასახავს, არის – დრო. გლობალური კრიპტოინდუსტრიისგან განსხვავებით, სამივე ზემოხსენებული ინდუსტრია საუკუნეზე უფრო დიდ ისტორიას ითვლის, ხოლო კრიპტო ჯერ თხუთმეტი წლისაც არ გამხდარა. მეტიც, $1.7-ტრილიონიანი კაპიტალიზაცია „დათვის ბაზრის“ ფონზე შეინიშნება – 2022 წლის დასაწყისში გლობალური კრიპტოინდუსტრია დიდი მარჟით უგებდა სატელეკომუნიკაციო სფეროს, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიის უკან მოსატოვებლად, სულ რამდენიმე ნული დააკლდა.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, კრიპტოინდუსტრია, მასში შემავალი ბლოკჩეინ-ეკოსისტემების ერთობლიობა და Web3-თან დაკავშირებული სხვა ტექნოლოგიები გლობალურ ეკონომიკას ახლებურად აამუშავებენ? ამ შეკითხვაზე პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უპრიანი იქნება, ის უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ.

არავის უკვირს, რომ ბევრმა გლობალურმა ბრენდმა, მათ შორის Adidas-მა, Nike-მა, Samsung-მა და Coca-Cola-მ, Web3-თან დაკავშირებული ტექნოლოგიების სამყაროში ბუმის დროს შემოაბიჯეს და ისიც, NFT-ების გამოშვებით ან მეტავერსულ პლატფორმებზე, მათ შორის Decentraland-სა ან SandBox-ში ბრენდირებული ვირტუალური სივრცის შექმნით. თუმცა არსებობს ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც Web3-ის ეკონომიკის განვითარებაში, წახალისებასა და მისი მდგრადობის გაზრდაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Web3-ტექნოლოგიებზე საუბრისას, პირველად Meta გვახსენდება, რომლის ტრანსფორმაციის ისტორია ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ის არ არის ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება – იქვეა Twitter-ი, რომელიც კრიპტოსამყაროს ერთგვარი დირიჟორია.

პარალელურად ამისა, ბლოკჩეინ-ეკოსისტემების მიმართულებით განსაკუთრებული ძვრები შეინიშნება გიგანტურ ამერიკულ კომპანიებში. 2022 წლის მაისში, მაგალითად, Google Maps-ისა და YouTube-ის ბლოკჩეინთან დამეგობრების შესახებ განაცხადა Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სუდარ პიჩაიმ. თუმცა Alphabet-ი სულაც არ გახლდათ პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან Amazon-მა საკუთარ ბლოკჩეინს, სახელწოდებით AMB-ს, ეთერიუმის ბლოკჩეინი ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში მიაბა და ამის შესახებ ზარ-ზეიმით გვამცნო.

საინტერესო მიმართულება აირჩია იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Sony-მ, რომელმაც 2021 წელს, ვიდეოთამაშების მიმართულებით ფსონების კრიპტოვალუტებში მისაღებად საჭირო, ხანგრძლივი და საკმაოდ რუტინული პროცედურების გავლა ოფიციალურად დაიწყო.

რეალურად, ასეთი ტიპის კომპანიების ჩამონათვალი ბევრად დიდია და მუდმივად ფართოვდება. თუმცა, მოდი, მთავარ შეკითხვაზე გადავიდეთ – რა აკლია კრიპტოინდუსტრიას, ბლოკჩეინ-ეკოსისტემას და Web3-ად წოდებულ ხვალინდელ ინტერნეტს ყველაზე მეტად? პასუხი, ასეთია: რაც შეიძლება მეტი დივერსიფიცირებული, დაღვინებული, ჩამოყალიბებული კომპანიის ჩართულობა და საგადახდო ინდუსტრიასთან გამჭვირვალე კავშირები. მთლიანობაში კი, ამ პროცესს, ტრანსფორმაცია 3.0 ჰქვია.

დღეს, Web3-ინდუსტრიაში და კრიპტოსამყაროში ორი ტიპის სუბიექტები ექსპერიმენტირებენ: ერთ მხარეს უკიდურესად მდიდარ გიგანტებს ვხვდებით, რომელთაც დიდი ფულის დაკარგვა და შეცდომების დაშვება არ აშინებთ, ხოლო მეორე მხარეს – გუშინ დაბადებულ სტარტაპებს ვაწყდებით. გამართულმა და სტაბილურმა ბიზნესებმა სწორედ ამ ორი ტიპის მოთამაშეებს შორის არსებული ნაპრალი უნდა ამოავსონ. საინტერესოა, რომ ეს ერთობ ამბიციური და ამავდროულად საკმაოდ დამაფიქრებელი ნაბიჯი ერთმა ქართულმა კომპანიამ, „უნიქარდმა“ გადადგა.

„უნიქარდის“ გადაწყვეტილება დამაფიქრებელია, რადგან კომპანიის ხედვა ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს ციფრული აქტივების ინდუსტრიაში „უნიქარდი“ მუდამ იყო ჩართული, უბრალოდ ამას ვერც ჩვენ ვაცნობიერებდით და ვერც – ის.

„2020-21 წლებში სიტყვები „ციფრული აქტივი“ ისე შემოიჭრა ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ფორმითა და განსხვავებული კონტექსტით, რომ ბოლოს დავფიქრდი და საკუთარ თავს ვკითხე: „აბა „უნიქარდის“ ქულა თავისი არსით რა არის, თუ არა ციფრული აქტივი?”, – იხსენებს „უნიქარდის“ ჯგუფის კომპანიების, წარსულში კი Georgian Card-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ქებურია Forbes-თან საუბრისას. „მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარმოიქმნება თავად ქულები და არის თუ არა ეკოსისტემა ბლოკჩეინზე. ფაქტია, რომ ქულა ნამდვილად ჰგავს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ვირტუალური აქტივს, რომელსაც კონკრეტული სარგებელი მოაქვს და შეიძლება, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გადახდის საშუალებადაც იქცეს. მას საკუთარი უტილობაც (ინგლ. Utility) აქვს, რომლის დახმარებითაც, ერთი მხრივ მერჩანტების ქსელი, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელთა მილიონნახევრიანი კომუნა თანამშრომლობას ამყარებენ“.

აი, ასე გვიპასუხა „უნიქარდის“ ჯგუფის კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ქებურიამ, როცა ვკითხეთ, თუ როგორ მიცურა „უნიქარდმა“ კრიპტოინდუსტრიის ნაპირებამდე. ისე, რთულია ნანას შეეწინააღმდეგო, რადგან „უნიქარდის“ ან სულაც ნებისმიერი სხვა ლოიალობის ბარათების ქულები ციფრულ აქტივს მართლაც ჰგავს და სწორედ ეს იქცა „უნიქარდის“ კრიპტომოგზაურობის საწინდრად.

ფოტო: ნანა ქებურია – “უნიქარდის” ჯგუფის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორი

როგორც ნანა ქებურია ჰყვება, პირველ რიგში, ლოიალობისა და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიებში ავტორიტეტული მრჩევლის პოვნა სურდა – ისეთი ადამიანის, რომელიც ლოიალობის, გადახდების და კრიპოოვალუტის ინდუსტრიების თანამშრომლობის გლობალურ სტრატეგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკებზე გაესაუბრებოდა. ისე კი, როგორც ჩანს, „უნიქარდის“ აღმასრულებელი დირექტორი პირველ თანამოაზრეებს ეძებდა, რადგან ასეთი თანაკვეთების მზა რეცეპტი ბუნებაში რომ ყოფილიყო, მის შესახებ Google-ითაც მარტივად გაიგებდა.

შემდეგი გაჩერება – უკრაინა გახლდათ, იქ ისტორია ბუნებრივად გრძელდება – უკრაინაში ხომ ფინანსური ტექნოლოგიების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ცენტრი არსებობს Visa CEMEA-ს (SEE, Ukraine & CIS, excl. Russia) რეგიონული წარმომადგენლობის სახით. რჩევისთვის, ნანა ქებურიამ „უნიქარდის“ ჯგუფის კომპანიების დიდი ხნის პარტნიორებს, Visa International-ის წარმომადგენლებს – ევგენი ლისნიაკს, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის უფროს დირექტორსა და ხელმძღვანელს და დიანა კიღურაძეს, კავკასიის ქვეყნების რეგიონულ მენეჯერს მიმართა.

„ბოლო წლებში, Visa მნიშვნელოვან ძალისხმევას და დროს უთმობს კრიპტოინდუსტრიაზე დაკვირვებას და შესწავლას, ასევე მის განვითარებას. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (Company Research), გადახდებისას დაგროვების სისტემებში ჩართული ბარათების მფლობელები ამჯობინებენ კრიპტოში მიიღონ სხვადასხვა ჯილდო. ეს ეხება არამხოლოდ ადამიანებს, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ (მფლობელთა 84%), არამედ მათაც, ვისაც კრიპტოვალუტები ჯერ მხოლოდ აინტერესებთ (დაინტერესებულთა 82%; განვითარებად ბაზრებზე კი მეტიც, დაინტერესებულთა 85%).

ამ მიმართულებით Visa-მ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დააგროვა და ამ სფეროს გლობალურ ლიდერებთან მყარი კავშირებიც დაამყარა. „Visa-ში გვჯეროდა, რომ ლოიალობის, კრიპტოსა და საგადახდო ინდუსტრიის ერთობლიობის იდეა განვითარებად ღირდა, შესაბამისად პარტნიორობის რეკომენდაცია გავუწიეთ უკრაინული წარმოშობის კომპანიას, რომელსაც დიდი მასშტაბის კრიპტოპროდუქტების შექმნის გამოცდილების გარდა, ლოიალობის პროგრამებთან გადაკვეთის წერტილების პოვნის ახალი შესაძლებლობებიც აინტერესებდა“, – ამბობს ევგენი ლისნიაკი.

იდეას Visa-ს კავკასიის ქვეყნების რეგიონული მენეჯერი, დიანა კიღურაძეც გამოეხმაურა: „მობილური ოპერატორების, ფინტექ-კომპანიების, მერჩანტებისა და საგადასახადო სერვისის მომწოდებლების მსგავსი არასაფინანსო ინსტიტუტების მიერ ფინანსური სერვისებისა და გადახდების ინდუსტრიაში შესვლა და მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და გადაწყვეტების შეთავაზება – გლობალური ტრენდია. ასეთ კომპანიებს Visa-ში ძალიან მივესალმებით და მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს „უნიქარდის“ მსგავსი პარტნიორი, რომელსაც მომხმარებლების ახალი სეგმენტის მოძიება და ახალი პროდუქტების შეთავაზება სურს“.

აქ კი, ამ ამბის კიდევ ერთი პროტაგონისტი – უკრაინელი ბიზნესმენი და ევროპის უდიდესი კრიპტობირჟის, WhiteBIT-ის დამფუძნებელი, ვოლოდიმირ ნოსოვი ჩნდება.

„ნანას, დიანას და ევგენის პირველად რომ მოვუსმინე, ვიცოდი, რომ მხოლოდ ინფორმაციის მოძიებაში დახმარებით არ უნდა შემომეფარგლა. ცხადი იყო, რომ ამ უნიკალური კოლაბორაციის პრეცედენტის შემქმნელები თავად უნდა გავმხდარიყავით, თან ეს უნდა ყოფილიყო არამხოლოდ უბრალოდ თანამშრომლობა ახალი პროდუქტებისათვის, არამედ სრულფასოვანი პარტნიორობა“, – ამბობს WhiteBIT-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვოლოდიმირ ნოსოვი. „ამ ამბავში იყო ყველაფერი: ქულები, მერჩანტები და მომხმარებლები, ჩართული იყო თავად VISA და „უნიქარდის“ VISA საგადახდო ბარათები – ამ ყველაფრის უკან კი, ქართულ ბაზარზე საკმაოდ გამოცდილი კომპანიების ჯგუფი იდგა. მალევე მივხვდით, რომ „უნიქარდის“ ჯგუფის პარტნიორები უნდა გავმხდარიყავით და კომპანიაში ინვესტიცია ჩაგვედო. საბოლოოდ, ასეც მოხდა“.

დღეს, როცა WhiteBIT-ი „უნიქარდის“ ჯგუფის მნიშვნელოვან წილს ფლობს, კომპანიათა ჯგუფი „უნიქარდის“ მომხმარებლებისთვის ახალ და საინტერესო შემოთავაზებაზე მუშაობს: „კრიპტოვალუტა დაგროვილი ქულების სანაცვლოდ“.

სულ მალე, „უნიქარდის“ ქულების კრიპტოვალუტაში გადაცვლა იქნება შესაძლებელი.

როგორ და რა ფორმით, ამასაც მალე გავიგებთ. მანამდე კი, თქვენს ადგილას ქულების დაგროვებას ბევრად დიდი ენთუზიაზმით შევუდგებოდი. მოდი, ბონუსად ნახევრად გათქმულ საიდუმლოსაც დავძენ – ქულების დასაგროვებლად PayUnicard-ის VISA-ს ბარათები გამოიყენეთ, ამით საქმეს წინ წაიგდებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *