მშენებლობის სექტორის ბრუნვა იზრდება

მშენებლობის სექტორის ბრუნვა იზრდება

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორის გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 13%-ით (137 მილიონი ლარი) და ჯამში 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით გამოშვებული პროდუქციის სტრუქტურა შემდეგნაირადაა გადანაწილებული: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 41% (507.2 მილიონი ლარი), საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა 22% (272.6 მილიონი ლარი), საავტომობილო გზების და რკინიგზის მშენებლობა 16% (191 მილიონი ლარი), სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოები 10% (125.9 მილიონი ლარი) და სხვა საქმიანობის სახეები 11% (135.6 მილიონი ლარი).

ასევე, აღსანიშნავია რომ 2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის ბრუნვა 16%-ით (160 მილიონი ლარი) არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

PMCG-ის ინფორმაციით, გამოშვებული პროდუქციის მოცულობაში, როგორც 2017 წლის პირველ კვარტალში ასევე 2016 წლის პირველ კვარტალში, ადგილობრივი იურიდიული ან ფიზიკური პირების წილი აღემატება უცხოელი პირების წილს.

2017 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14% (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვნად, 188%-ით (36.4 მილიონი დოლარი), არის გაზრდილი.

2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.6%-ს შეადგენს.

2017 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ვალუტით მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 42%-ით (19.7 მილიონი ლარი) არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაშინ, როცა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები გაზრდილია 24%-ით (25.9 მილიონი ლარი). 

2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 2.8%-ით (1.6 ათასი კაცი) არის გაზრდილი და 59.4 ათას კაცს შეადგენს. ბიზნეს სექტორში მშენებლობა რიგით მეოთხე ყველაზე დიდი დამსაქმებელია. 

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობაში დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურება 11%-ით (148 ლარი) არის გაზრდილი და 1512.4 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში რიგით მესამე ყველაზე მაღალი შრომის ანაზღაურება მშენებლობის სფეროშია.

 

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება მშენებლობის სექტორში ფიქსირდება სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოებში (3,910 ლარი), საინჟინრო ნაგებობების მშენებლობაში (2,114 ლარი) და არსებული ნაგებობების აღებასა და სამშენებლო მოედნის მომზადებაში (1,949 ლარი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *