2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ თარიღმა შესაძლოა ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო საფუძვლიანად შეცვალოს.
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტების მორყევას. ავტორიტარული განწყობების პოლიტიკოსები იშვიათად მალავენ ხოლმე თავიანთ ზრახვებს. ტრამპიც უკვე ღიად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მიზანი პრეზიდენტის თანამდებობის პირადი ანგარიშსწორების მიზნით გამოყენებაა. მაგალითად, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში, ოპონენტებზე შურს იძიებს. ის გამუდმებით იმეორებს არაერთხელ გაბათილებულ ტყუილს, რომ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ეს კი უფრო მეტად ამყარებს იმის ეჭვს, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-ში დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცედურებს საფრთხე ემუქრებათ.
აშშ-ის შიდა პოლიტიკური სისტემის მორყევასთან ერთად, ტრამპის დაბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს კატაკლიზმური გეოპოლიტიკური ცვლილებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ აშშ, სამხედრო მნიშვნელობით, განსაკუთრებული ქვეყანაა. დღევანდელ მსოფლიოში ამერიკა არის ჰეგემონი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს.
ჰეგემონური გლობალური აქტორის საგარეო პოლიტიკის ცვლილება უდრის საერთაშორისო ურთიერთობების არსებული მოდელის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას. ცნობილია, რომ პირველ მსოფლიო ომამდე ამერიკას დიდწილად იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა ჰქონდა – ის იშვიათად ერეოდა თავისი რეგიონის გარეთ მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებში. ამერიკაში იზოლაციონისტური განწყობები მომძლავრდა ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდშიც, როდესაც კონგრესმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ის შესვლას გაეროს წინამორბედ გლობალურ სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციაში, „ერთა ლიგაში“ (რომლის სულისჩამდგმელიც, სხვათა შორის, თავად ამერიკის პრეზიდენტი, ვუდრო ვილსონი იყო).
ორი მსოფლიო ომის ტრაგიკულმა გამოცდილებამ ამერიკელებს აჩვენა, რომ გლობალური კონფლიქტებისგან დამალვა შეუძლებელია. ადრე თუ გვიან, მოვლენები, რომლებიც სხვა კონტინენტებზე – განსაკუთრებით, ევროპასა და აზიაში ხდება, აუცილებლად მოაღწევს აშშ-ის კარამდეც. ამის გააზრების შედეგად, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, აშშ აქტიურ ინტერნაციონალისტურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. თუმცა ერაყსა და ავღანეთში განხორციელებული, ნაწილობრივ წარუმატებელი სამხედრო ინტერვენციების შედეგად, ქვეყანაში იზოლაციონისტური განწყობები კვლავ გაძლიერდა.
ტრამპი სწორედ იზოლაციონიზმის მიმდინარე ტალღის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. მან პრეზიდენტად არჩევამდე და პრეზიდენტობის პერიოდშიც არაერთხელ გაილაშქრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – ნატო-ს წინააღმდეგ. ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ის აშშ-ს ალიანსიდან გამოიყვანს.
იზოლაციონიზმთან დაკავშირებული შიშები ბოლო დროს იმდენად გამწვავდა, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ქვეყნის სამხედრო ალიანსებიდან გამოყვანის უფლება ჩამოერთვა. ძნელი სათქმელია, რამდენად კონსტიტუციურად ჩათვლის აშშ-ის სასამართლო მსგავს კანონს. თუმცა ფაქტია, რომ ამერიკის ამჟამინდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ყველაზე უარესისთვის ემზადება.
ტრამპის მზარდი რეიტინგის მიუხედავად, დარწმუნებით ძნელია იმის თქმა, მატერიალიზდება თუ არა ის შიშები, რაც ზემოთ აღვწერე. 5 ნოემბრამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო დარჩა. დარჩენილ პერიოდში ბევრი რამ მოხდება ისეთი, რაც აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს მოსალოდნელი კატაკლიზმების თავიდან არიდების შესაძლებლობას მისცემს. პირველ რიგში, საკითხავია ის, თუ როგორ წარიმართება რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები, ანუ ე.წ. „პრაიმერები“. მართალია, წინასწარ გამოკითხვებში ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა გასარკვევია, თუ კონკრეტულად რამდენ ხმას აიღებენ უფრო ზომიერი კანდიდატები – განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც შედარებით არაიზოლაციონისტურ პოლიტიკას უჭერენ მხარს (პირველ რიგში, აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი). თუ ზომიერმა კანდიდატებმა შეძლეს შიდაპარტიულ დისკუსიებში იზოლაციონიზმის ტალღის შერბილება, ეს, დიდი ალბათობით, ტრამპის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზეც დადებით გავლენას მოახდენს.
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებში მონაწილეობს ტრამპზე უფრო მეტად იზოლაციონისტი კანდიდატი, ვივეკ რამასვამიც. მართალია, გამოკითხვების მიხედვით, რამასვამი ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მას ტრამპის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შანსი ნამდვილად აქვს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ თეორიულად შესაძლებელია, რომ მომავალში ტრამპის იზოლაციონიზმი კიდევ უფრო მეტადაც გამწვავდეს.
ზემოთქმული ვარაუდები რომ გვერდზე გადავდოთ, საერთო ჯამში, რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნებზე ვითარება ასე თუ ისე გარკვეულია. ამას 7 ნოემბრის საერთო არჩევნებზე ვერ ვიტყოდით, რადგან აქ ჯერ ბუნდოვანია ის, თუ ვინ გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, თითქმის ყველაფერი იმ შტატებზეა დამოკიდებული, რომლებსაც „მერყევებად“ („swing states”) მოიხსენიებენ ხოლმე. ზოგიერთი მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ასეთი ექვსი შტატია: პენსილვანია, ვისკონსინი, მიჩიგანი, ჩრდილოეთი კაროლინა, არიზონა და ჯორჯია.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა ექვსივე მერყევი შტატი მოიგო და პრეზიდენტი გახდა. 2020 წელს მან ექვსი შტატიდან ხუთი წააგო და მხოლოდ ერთი – ჩრდილოეთი კაროლინა მოიგო.
ბოლო გამოკითხვებით ისე ჩანს, რომ მერყევი შტატების მოსახლეობა ისევ ტრამპისტულად არის განწყობილი. ამან შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, რომ დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები რომ გაიმართოს, 2016 წლის შედეგი განმეორდება. ამ ვარაუდის საფუძველს ისიც ქმნის, რომ დემოკრატებს სულ უფრო და უფრო მეტად უჭირთ ახალგაზრდა და ლიბერალი ამომრჩევლების შენარჩუნება ისე, რომ შედარებით კონსერვატორი ამომრჩეველიც არ დაკარგონ.
თუმცა გამოკითხვებში ტრამპის ლიდერობისა და ბაიდენის არასახარბიელო რეიტინგების მიუხედავად, ასეთ მჭიდრო რბოლაში მთლად ბოლომდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს ვერ დავეყრდნობით. აშშ-ის 2016 წლის არჩევნებმა ნათლად დაგვანახა, რომ თითქმის ყველა გამოკითხვის საპირისპიროდ, პოლიტიკაში სასწაულებიც ხდება. მსგავსი სიურპრიზები 2024-შიც შეიძლება განმეორდეს, რადგან როგორც მაშინ, ახლაც, რესპუბლიკელები და დემოკრატები – ორივენი ძალიან ახლოს არიან გამარჯვებასთან.
მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამერიკაში, დანარჩენი მსოფლიო სასწაულების იმედზე არ უნდა ვიყოთ. დღევანდელი პერსპექტივიდან, აშკარაა, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, იზოლაციონიზმის ზრდა უფრო მეტად გაათამამებს რუსეთს და გააღვივებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსგავს კონფლიქტის კერებს ევროპაში. სავარაუდოა, რომ ევროპას და კონკრეტულად, ევროკავშირს მოუწევს დღევანდელზე უფრო მეტად თამამი გადაწყვეტილებების მიღება ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებზე. ამისთვის, დღეისათვის ევროკავშირის არცერთი წამყვანი ქვეყანა მზად არ არის – მათ შორის, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი ძლიერი ქვეყნებიც, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთია.
ჩვენთვის და აშშ-ის მოკავშირე სხვა ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ წინდაწინვე ვიფიქროთ იმ სცენარებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში და იმ საშუალებებზე, რითაც რუსული აგრესიისგან შეგვიძლია დავიცვათ თავი. ამისათვის, პირველ რიგში, სათანადოდ უნდა გავიაზროთ ის რისკები, რაც ობიექტურად არსებობს და მზად ვიყოთ საკუთარი ინტერესების აქტიურად დაცვისთვის.
დატოვე კომენტარი