მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2023 წელს მსოფლიო შესაძლოა, გლობალური რეცესიის საფრთხის წინაშე დადგეს. მიზეზი მუდმივი ინფლაციის წინააღმდეგ ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდაა. მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის თანახმად, პლანეტის სამი უმსხვილესი ეკონომიკა (ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროზონა) მკვეთრად ნელდება, რის შედეგადაც „მომავალ წელს გლობალურ ეკონომიკაზე ზომიერი დარტყმაც კი შესაძლოა, რეცესიაში გადაიზარდოს“.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1970 წლიდან მოყოლებული, რეცესიის შემდგომი აღდგენის პერიოდის შემდეგ, დღეს გლობალური ეკონომიკა ყველაზე სწრაფად ნელდება. წინა გლობალურ რეცესიასთან შედარებით უფრო მკვეთრად გაუარესდა მომხმარებელთა ნდობის მაჩვენებელიც. „გლობალური ზრდა მეტად შენელდება, რის შედეგადაც რეცესია უფრო მეტ ქვეყანას ემუქრება“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა და დასძინა, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნება დამღუპველად იმოქმედებს განვითარებად ბაზრებსა და ეკონომიკებზე.
გლობალურად საპროცენტო განაკვეთების მატება და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ქმედებები, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება, რაც ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნებას ხელს შეუშლის. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და შრომის ბაზარზე ზეწოლა არ შემსუბუქდება, გლობალური ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი, ენერგიის გამოკლებით, 2023 წელს შესაძლოა 5%-ზე დარჩეს, რაც თითქმის ორჯერ მეტია პანდემიამდელი ხუთწლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელზე.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, ინფლაციის შემცირების მიზნით, ცენტრალურ ბანკებს შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა დამატებით 2 პროცენტული პუნქტით დასჭირდეთ. თუმცა მსგავსი მატება, ფინანსური ბაზრის სტრესთან ერთად, 2023 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 0.5%-მდე შეანელებს.
დატოვე კომენტარი