მსოფლიო ბანკი: ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკები პანდემიით გამოწვეული უკუსვლის შემდეგ კვლავ იზრდება

მსოფლიო ბანკი: ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკები პანდემიით გამოწვეული უკუსვლის შემდეგ კვლავ იზრდება

მსოფლიო ბანკის თანახმად, მოსალოდნელია, რომ წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკები 3,6%-ით გაიზრდება. 2020 წელს, კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა რეგიონში ყველაზე მეტად ის ქვეყნები დააზარალა, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ტურიზმის ინდუსტრიაზე.

2020 წლის კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ უკუსვლას, 2022 წლისთვის 3,8%-იანი რეგიონალური ზრდა მოჰყვება, ვინაიდან ინფიცირება დაიკლებს, რაც ვაჭრობასა და ტურიზმში ინვესტიციებს მოიზიდავს.  არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული გაანგარიშებები შეიძლება ნაკლებიც იყოს, თუ გავითვალისწინებთ ვაქცინაციის შეფერხებას, გლობალურად გაუარესებულ საპროცენტო განაკვეთს, ან  ინვესტორთა ინტერესის შემცირებას.  ეკონომიკური მდგომარეობა მომავალი ორი წლის განმავლობაში დიდწილად იქნება დამოკიდებული  გეოპოლიტიკური კრიზისების აღმოფხვრაზეც.

აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში  სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს (მოსალოდნელია, რომ შემცირდება), რაც სამუშაო ადგილების დაკარგვითაა გამოწვეული. მსოფლიო ბანკის თანახმად, რეგიონში, რომელსაც საქართველოც მიეკუთვნება, გაიზრდება სიღარიბის დონე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ქვეყნებში შემოსავლის მაჩვენებელი კრიზისამდეც საკმაოდ დაბალი იყო.  საერთო ჯამში, 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის მიუხედავად, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდება.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ანა ბიერდემ, განაცხადა, რომ რეგიონში გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია მმართველობის სექტორის განვითარება. ცნობისთვის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სახელმწიფო დანახარჯები ეკონომიკის თითქმის 40 პროცენტს შეადგენს და მთავრობებში დასაქმებულია რეგიონის პროდუქტიული სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტი.

„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ეფექტიანად გადასაჭრელად, რეგიონში მმართველობის გაუმჯობესებამ ახლა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.  აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება, რაც აღმასრულებელ ორგანოებს გამჭვირვალობას შესძენს და საბოლოოდ გააუმჯობესებს მთავრობის ეფექტიანობას“, – აცხადებს აშლი დემირგუჩ-კუნტი, მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქეებსა და მთავრობას შორის პირდაპირი უკუკავშირის მექანიზმების განვითარება გაზრდის მთავრობის მიმართ ნდობას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური გეგმების ეფექტიან იმპლემენტაციას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *