მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემას 90 მილიონი ევროთი დააფინანსებს. თანხა “ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის” ფარგლებში გამოიყოფა.
“პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, – აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.
პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება; სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
“აღნიშნული რეფორმა ერთის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათლების სისტემის ხარისხს საქართველოში, მეორეს მხრივ კი მოამზადებს ქვეყნის სამუშაო ძალას 21–ე საუკუნის გამოწვევებისთვის“, – განმარტავენ მსოფლიო ბანკში.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები.
დატოვე კომენტარი