მსოფლიო ბანკი 2020 წლამდე საქართველოში საშუალოდ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე – 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2020 წლისთვის 9%-მდე შემცირდება.
მიმდინარე წლისთვის ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4,3%-ით ზრდას ელოდება, მომდევნო წელს 4,6%-ით, ხოლო 2020 წელს კი 5%-ით. მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდაც და თუკი წლევანდელი წლის პროგნოზი $4373-ს შეადგენს, მომდევნო წლისთვის ის $4671-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წელს კი $4980-მდე.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ 2020 წლამდე ფისკალური დეფიციტი შემცირდება და გაიზრდება კაპიტალური ხარჯები.
ბანკი აღნიშნავს, რომ ამის მიღწევა მოხდება ხელფასების და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეზღუდვით, რომლებიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა; ასევე, სუბსიდიებისა და სოციალური პროგრამების უკეთესად განსაზღვრით.
“საქართველო კვლავ რჩება დაუცველი მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტისა და დაბალი ექსპორტისა და ფულადი გზავნილების რისკის გამო. გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ და და ევროკავშირში ეკონომიკის მოსალოდნელზე ნელა გამოჯანსაღებამ, შესაძლოა შეამციროს საქართველოში ინვესტიციების შემოდინება. ძლიერმა დოლარმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გააუარესოს ვალის მაჩვენებელი. ამასთან სესხების 65% ქვეყანაში უცხოურ ვალუტაშია განთავსებული, რაც ზრდის ფინანსური სექტორის დაუცველობას სავალუტო რყევების მიმართ. ფისკალური რისკი უმეტესად წარმოშობილია სოციალური ხარჯების ზრდიდან, განსაკუთრებით კი პენსიების შემთხვევაში; ასევე სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის პროგრამიდან და კერძო-საჯარო პარტნიორობით განხორციელებული პროექტებიდან. ასევე, კერძო სექტორთად დადებული პირდაპირი შეთანხმებებიდან (PPA). საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოებიც”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი და გამოწვევებს შორის ასახელებს, სამუშაო ძალის უნარ-ჩვევების დისბალანსს ბაზრის მოთხოვნებთან, არასაკმარის ინფრასტრუქტურას და ფინანსებზე შეზღუდულ წვდომას (როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიებისთვის).
ამასთან რისკებს შორის სახელდება: ლარის გაუფასურება; რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა; სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფისკალური ვალდებულებების აღების შეზღუდვასთან დაკავშირებული ქმედებების პოტენციური შეფერხება.
დატოვე კომენტარი