მსოფლიო ბანკის კერძო სექტორზე ორიენტირებული ჯგუფი, ომით დაზარალებული უკრაინის მხარდასაჭერად, $2-მილიარდიან დახმარების პაკეტზე მუშაობს, რაც ქვეყნის ბიზნესს მიმდინარე წელს მოსალოდნელ მკვეთრ რეცესიასთან გამკლავებაში დაეხმარება. უკრაინისთვის დაახლოებით $1 მილიარდი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან, დარჩენილი ნაწილი კი სხვადასხვა სახელმწიფოდან გამოიყოფა.
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) პარტნიორებთან ერთად ომის საშინაო, რეგიონული და გლობალური ზემოქმედების მოსაგვარებლად დაფინანსების პაკეტზე მუშაობს. დახმარების ფარგლებში აგრობიზნესის, საკვების გადამუშავების, მწვანე და ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის აღდგენა იგეგმება“, – განაცხადა IFC-ის სპიკერმა და დასძინა, რომ დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია განვითარებად ქვეყნებში, კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობის გზით, გლობალურ სიღარიბეს ებრძვის. IFC-მა, გასული ფისკალური წლის ბოლოს, $30 მილიარდ დოლარზე მეტის სესხი გასცა. უახლესი პაკეტი უკრაინაში, ბოლო კვირებში IFC-ის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებს შეუერთდება.
ცნობისთვის, ზემოაღნიშნულმა ინსტიტუტმა გასულ კვირას ქალაქ ლვოვში ევროკავშირთან და საქალაქო საბჭოსთან თანამშრომლობაც დააანონსა. თანამშრომლობის ფარგლებში 25 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირთათვის მუნიციპალური შენობების განახლებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.
ამასთან ერთად კი, IFC-მა Horizon Capital-ის ფონდში $30-მილიონიანი ინვესტიციის გეგმაც გამოაქვეყნა, ძირითადად ტექნოლოგიური სფეროს მეწარმეების დასახმარებლად. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ $6-მილიარდიანი დაფინანსების პლატფორმაც შექმნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გამწვავებულ გლობალურ სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად.
დატოვე კომენტარი