მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ ნაკლებია, – ამის შესახებ „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ეს კონსერვატიული პროგნოზი 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეულ საბაზისო ეფექტს, პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირებას და ფულადი სახსრების შემოდინების კლებას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის 4%-იანი ზრდის მაჩვენებელი, ერთნახევარი პროცენტით ნაკლებია მსოფლიო ბანკის მიერ გასული წლის ივნისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით – იმ დროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ვარაუდობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2024 წელს, მსოფლიო ბანკი საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ზრდის ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს. საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი და “გალტ ენდ თაგარტი” კი, მიმდინარე წელს მეტად ოპტიმისტურად უყურებენ, რასაც ვერ ვიტყვით თიბისი კაპიტალზე, რომელიც 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-ით ზრდას ვარაუდობს. მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვხვდებით პროგნოზებს ინფლაციაზე, ლარის კურსზე და ფულად გზავნილებზე – ცხადია, დოკუმენტი რისკებს და შესაძლებლობებსაც შეეხო.
„ინფლაციის წნეხი 2022 წლის მეორე ნახევარში შემსუბუქდა მაღალ დონეზე შენარჩუნების მიუხედავად, დეკემბერში წლიურ 9.8%-ის დონეზე. მოსალოდნელია, ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად.
ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილულ იქნეს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო.
საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად“, – ვკითხულობთ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშში ვხვდებით რეგიონულ შეფასებასაც, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 3.3%-მდე განახევრდება. შემცირებული პროგნოზი 2021-2022 წლებში დაფიქსირებული მძლავრი აღდგენის შემდეგ მომენტუმის შესუსტებას, ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკურ შენელებას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ დაძაბულობას და რუსეთის ეკონომიკის მთლიანი გამოშვების შემცირებას ასახავს.
„გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ ანგარიშში, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება, განხილულია რუსეთისა და უკრაინის მდგომარეობა, ქვეყნებს შორის მიმდინარე ომი და გავლენა, რომელსაც ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე ახდენს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.3%-ით შემცირდება, რაშიც მთავარ როლს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგო და გაზის ექსპორტის შემცირება ასრულებს. რაც შეეხება 2024 წელს, მსოფლიო ბანკი რუსეთის ეკონომიკის 1.6%-ით ზრდას ვარაუდობს. უკეთესი პროგნოზი კეთდება უკრაინასთან მიმართებით, რომლის ეკონომიკა 2023 წელს 3.3%-ით, ხოლო 2024 წელს 4.1%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის ეს პროგნოზი იმ სცენარს ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ომის მეტად ესკალაცია არ მოხდება.
ცხადია, ომს გავლენა აქვს ზოგადად რეგიონზეც, რომლის ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს, 0.2%-მდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა მცირდება მაშინაც, თუ რუსეთისა და უკრაინის ფაქტორს უგულებელვყოფთ – ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა 4.2%-მდე შემცირდება.
დატოვე კომენტარი