მსოფლიო ბანკი 2017 წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, – ბანკის წინა პროგნოზი 3,5%-ს შეადგენდა. 4,0%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება ბანკი საქართველოში 2018 წელსაც, ხოლო 2019 წელს კი 4,5%-იანს.
მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველომ საკმაოდ ძლიერი ზრდა აჩვენა 2017 წელს. წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყანაში ფულადი გადარიცხვები. შედეგად კი წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,9% შეადგინა.
“ქვეყანაში საბანკო სექტორის სტაბილურობას აძლიერებს გონივრული ზედამხედველობა. ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან მოცულობაში მხოლოდ 3%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2010 წლიდან ქვეყანაში შემცირების ტრენდი აქვს სიღარიბის მაჩვენებელს, რაც 2017 წელსაც შენარჩუნდება. საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5% იქნება, თუმცა კვლავ რჩება რისკები“, – ვკითხულობთ ანგარიშში. ამასთან, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ხელი შეუწყო სახელმწიფო ინვესტიციებმა და საექსპორტო ბაზრებზე გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.
WB აღნიშნავს, რომ მომდევნო წლებში ზრდის პერსპექტივა დამოკიდებული იქნება ევროკავშრთან ურთიერთობაზე. უარყოფითი რისკები კი წარმოიქმნება პირველ რიგში გლობალური მოვლენებისგან.
მსოფლიო ბანკი 2019 წლისთვის საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლის 20,9%-მდე შემცირებასაც ელოდება.
ფისკალურ რისკებად მსოფლიო ბანკი საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებს და ენერგეტიკულ პროექტებში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს ასახელებს. ამასთან, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ სოფლად უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება მანამ სანამ არ შეიქმნება ისეთი სამუშაო ადგილები, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორს არ ეხება.
დატოვე კომენტარი