მსოფლიო ბანკმა უკრაინას COVID-19-ის ვაქცინაციის მხარდასაჭერად $90-მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა. აღნიშნული სესხი უკრაინის ჯანდაცვის სექტორს COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, ვაქცინების შეძენა-შენახვასა და ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებაში დაეხმარება.
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, 11 მაისს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ვაქცინის 42 მილიონი დოზა რამდენიმე მწარმოებლისგან შეისყიდა და მათ წლის ბოლოს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე შეძენილი ვაქცინის დოზების რაოდენობის გათვალისწინებით, ახალი რაოდენობა 2021 წლის ბოლოს 44-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში მოზრდილთა უმრავლესობის აცრისთვის საკმარისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში უკრაინაში ახალი ინფექციების ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.
დატოვე კომენტარი