სამშაბათს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინისთვის ახალი, დამატებითი, $1.49-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, თანხის ძირითადი ნაწილი მთავრობის წევრებისა და სოციალური მუშაკებისათვის ხელფასების გადახდას მოხმარდება. მთლიანობაში მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისათვის გაწეულმა დახმარებამ $4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დაფინანსების აღნიშნული პაკეტის ფინანსური გარანტორები ნიდერლანდები, ბრიტანეთი, ლიეტუვა და ლატვია არიან. გარდა ამისა, პროექტს პარალელური დაფინანსების სახით მხარს იტალიაც უჭერს.
გარკვეული პერიოდის წინ უკრაინის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ქვეყანას ყოველთვიურად სულ მცირე 5 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება. ამ თანხის დანიშნულება კი სამთავრობო ოპერაციების შეუფერხებლად მუშაობის ხელშეწყობა იქნება.
გასულ თვეს G7-ის წევრი სახელმწიფოების ფინანსურმა ლიდერებმა დაფინანსების პაკეტით უკრაინას 9.5 მილიარდი აშშ დოლარი გადასცეს. ჯამში კი მათ მიერ გაწეულმა არასამხედრო დახმარებამ 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მსოფლიო ბანკი უკრაინისათვის ახალი დაფინანსების მოსაპოვებლად დონორ ქვეყნებთან მუდმივ რეჟიმში მუშაობს. შედეგად, ბანკი ისეთ პროგრამებს აფინანსებს, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოციალური სერვისები, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება და საგზაო ინფრასტრუქტურა.
დატოვე კომენტარი