მსოფლიო ჩემპიონატის გავლენით, Qatar Airways-ის მოგებამ $1.2 მილიარდს მიაღწია

მსოფლიო ჩემპიონატის გავლენით, Qatar Airways-ის მოგებამ $1.2 მილიარდს მიაღწია

გასული წლის განმავლობაში, Qatar Airways-ის მოგებამ $1.2 მილიარდს მიაღწია. ავიაკომპანიის მოგებისა და შემოსავლის ზრდა უმეტესწილად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი რაოდენობის გულშემატკივრის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, გასულ წელს Qatar Airways-ის შემოსავლის წლიურმა ზრდამ 45% შეადგინა და $21 მილიარდს გაუტოლდა. რაც შეეხება მგზავრთა წლიურ დატვირთვას, ამ შემთხვევაში მონაცემები 71%-ით, 31.7 მილიონამდე გაიზარდა. ავიაკომპანიის განცხადებით, ის კატარში მხოლოდ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე 1.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა. გარდა ამისა, Qatar Airways-მა ქსელი 160 მიმართულებამდე გააფართოვა.

Qatar Airways-ი კატარის დედაქალაქ დოჰაში განთავსებული აეროპორტიდან ოპერირებს და ისეთ ავიაკომპანიებს უწევს კონკურენციას, როგორიც არაბთა გაერთიანებული საამიროების Emirates-ი და Ettihad-ია. Qatar Airways-ს, დუბაის Emirates Airline-ის მსგავსად, პანდემიის რთულ პერიოდთან გამკლავებაში სამთავრობო შეღავათები დაეხმარა. ორივე ავიაკომპანია თავიანთი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენს.

კატარის ავიაკომპანიის ბრენდი კი ნაცნობია ევროპული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. Qatar Airways-ი თანამშრომლობს ისეთ საფეხბურთო კლუბებთან, როგორიც მაგალითად „პარი სენჟერმენია“. გარდა ამისა, ავიაკომპანიას პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკალათბურთო კლუბ Brooklyn Nets-თანაც აკავშირებს.