ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. WHO-ს გადაწყვეტილებით ჩინურ ვაქცინას ავტორიზაცია (EUL) მიენიჭა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სიგნალია სახელმწიფოებისთვის, რომ სინოფარმის მიერ წარმოებული ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის წინააღმდეგ. ამასთან, EUL ავტორიზაციის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება სინოფარმის ვაქცინა გაავრცელოს COVAX პლატფორმის საშუალებით.
„დღეს საღამოს ჯანმო-მ ავტორიზაცია მიანიჭა პეკინში წარმოებულ ვაქცინას, რომელიც ჩვენ მიერ დადასტურებულად უსაფრთხო, ხარისხიანი და ეფექტური რიგით მეექვსე ვაქცინაა… აღნიშნული გადაწყვეტილება აფართოებს იმ ვაქცინების სიას, რომლის შესყიდვაც COVAX პლატფორმის ფარგლებშია შესაძლებელი“, – განაცხადა საკითხზე კომენტირებისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ამ დროისთვის ჯანმო-ს ავტორიზაცია მიღებული აქვს Pfizer-BioNTech-ს, Johnson & Johnson-ს, Moderna-ს, AstraZeneca-ს. ასევე, AstraZeneca-ს ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც ინდოეთის Serum Institute-ის მიერ იწარმოება. აღნიშნულ სიას ცოტა ხნის წინ დაემატა სინოფარმის ვაქცინაც.
ცნობისთვის, საქართველოში იმუნიზაციის პროცესში უკვე გამოიყენება სინოფარმის ვაქცინა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 55,000 დოზაა გაკეთებული, მათგან თითქმის 4,000 დოზა სინოფარმის მიერ წარმოებული ვაქცინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინასთან, სინოვაკთან დაკავშირებით მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის SAGE ჯგუფის ექსპერტების შეფასებებს სინოფარმისა და სინოვაკის მიერ წარმოებული ვაქცინების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიაში: როგორ აფასებენ ჩინურ ვაქცინებს ჯანმო-ს ექსპერტები
დატოვე კომენტარი