ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი/„ინტერპრესნიუსი”
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 105 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ტრადიციულად, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ და ლიდერმა მიულოცა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიულოცა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბლინკენმა ყურადღება ქვეყნების 31-წლიან ურთიერთობაზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შტატების ერთგულება, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, წარმატებული და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რომელსაც მისი მოქალაქეები იმსახურებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველებს კარგად ესმით დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მტკიცე და ურყევი ნება განაგრძოს წინსვლა მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც. „ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს სულისკვეთება კვლავინდებურად ცოცხლობს თქვენში და განსაკუთრებით გამოიხატება თქვენს მისწრაფებებში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა თქვენი მომავალი თაობებისთვის. შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისე როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში“, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ვუსურვებთ ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. გაუმარჯოს საქართველოს“, ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
Twitter-ის საშუალებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ და აღნიშნა, რომ „საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის“. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ კი იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს დროშა სულ მალე, ევროკავშირსა და ნატოში მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოში გერმანიის საელჩომ. „ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად“, წერია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მილოცვაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მისალოც წერილებში მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსაც. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ზბიგნიევ რაუს განცხადებით, პოლონეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოება და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას.
მისალოც წერილში, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის პირობა დადო რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ. „რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ – ვკითხულობთ აურესკუს მილოცვაში.
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოცი წერილის თანახმად, საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს: „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ვლაჩოვსკმა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობაზე მისალოც წერილში ყურადღება გაამახვილა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მისალოც წერილში კიდევ ერთხელ დაადასტურეს საბერძნეთისა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნიკოს დენდიასმა და ივიცა დაჩიჩიმ. საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს ხორვატიის საგარეო და ევროპული საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანიც: „მზად ვართ ხელი შევუწყოთ ჩვენს თანამშრომლობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში”.
მისალოც წერილში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის პირობა დადო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ: „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავეხმარებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოკლე ვადებში მიღებაში“. საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისაუბრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კონდოვმა და დასძინა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებები ძლიერ იმპულსს შესძენს ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ მიმართულ საქართველოს ძალისხმევას“.
საქართველოს დამოუკიდებლობის 105-წლისთავი მიულოცეს მეზობელმა სახელმწიფოებმაც. სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას და მის გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება. ამავდროულად კი, დამოუკიდებლობა მის მეზობელსა და მეგობარ ქვეყანას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მიულოცა.
დატოვე კომენტარი