Visual Capitalist-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 100-ზე მეტი ადამიანი ე.წ.მილენიალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი 1981 წლიდან 1996 წლამდე დაიბადნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ უმდიდრესთა ჩამონათვალს 2 755 წევრი ჰყავს, ჯამში $13 ტრილიონის ოდენობის ქონებით.
სააგენტო Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მილენიალები უმდიდრესთა 3.8%-ს წარმოადგენენ, მათი წილი კი ჯამურ ქონებაში $573.1 მილიარდია.
1981-1996 წლებში დაბადებულ მილიარდერთა უმეტესობა, კერძოდ კი 33 ადამიანი, თავს აშშ-ში იყრის. მეორე ადგილზე ჩინეთია – ქვეყანა, სადაც 23 მილიარდერი მილენიალი ცხოვრობს. შტატების შემთხვევაში, წარმატებული ახალგაზრდებიდან უმეტესობა ციფრულ სამყაროსთან ასოცირდება – იქნება ეს Snapchat-ი, Airbnb, Facebook-ი თუ სხვა. თუმცა საყურადღებოა, რომ ზოგიერთის სიმდიდრე მემკვიდრეობას უკავშირდება. ასეთია 35 წლის ლუკას უოლტონიც, Walmart-ის დამფუძნებელ სემ უოლტონის შვილიშვილი.
გთავაზობთ ათი უმდიდრესი მილენიალის სიას:
სახელი | ასაკი | ქონება | ქვეყანა | სიმდიდრის წყარო |
მარკ ცუკერბერგი | 36 | $97 მილიარდი | აშშ | |
ჭანგ იმინგი | 37 | $35.6 მილიარდი | ჩინეთი | TikTok |
იან ხუეიანი | 39 | $29.6 მილიარდი | ჩინეთი | Country Garden |
დასტინ მოსკოვიცი | 36 | $17.8 მილიარდი | აშშ | Asana |
სუ ჰუა | 39 | $17.8 მილიარდი | ჩინეთი | Kuaishou |
პაველ დუროვი | 36 | $17.2 მილიარდი | რუსეთი | VK |
ლუკას უოლტონი | 34 | $15.6 მილიარდი | აშშ | Walmart |
ედუარდო სავერინი | 39 | $14.6 მილიარდი | ბრაზილია | |
ჩენ იუქსიაო | 37 | $14.1 მილიარდი | ჩინეთი | Kuaishou |
ბრაიან ჩესკი | 39 | $13.7 მილიარდი | აშშ | Airbnb |
შეგახსენებთ, რომ მილიარდერთა ჩამონათვალს 2021 წლისათვის 493 ახალი წევრი შეემატა, რამაც საერთო ქონება $8 ტრილიონით გაზარდა. უმდიდრესთა 86%, წინა წელთან შედარებით, ახლა მეტ ფულს ფლობს. რა თქმა უნდა, ეფექტი მილენიალებზეც გავრცელდა. უფრო კონკრეტულად, ყველაზე წარმატებულთაგან ხუთის ქონება ასე შეიცვალა:
- მარკ ცუკერბერგი: +$35 მილიარდი
- ჭანგ იმინგი: +$19.4 მილიარდი
- იან ხუეიანი: +$9.3 მილიარდი
- დასტინ მოსკოვიცი: +$8.5 მილიარდი
- სუ ჰუა: +$14.9 მილიარდი
ცხადია, მიმდინარე წელი ყველასთვის ერთნაირად უხვი არ არის. მაგალითისთვის, ლუკას უოლტონის სიმდიდრე თითქმის $3 მილიარდით შემცირდა.
ცნობისთვის, მილენიალების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლო მონაცემების მიხედვით, 1.8 მილიარდია.
დატოვე კომენტარი