დიდი რიგებისა და გადატვირთული გეითების გამო აეროპორტები ერთ-ერთ ყველაზე სტრესულ ადგილად მიიჩნევა. მიუხედავად კომერციული საჰაერო მიმოსვლის უარყოფითი მხარეებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ მთლიანობაში ეს სისტემა შთამბეჭდავია და ხშირად აეროპორტებში არსებული მგზავრთა ნაკადი დიდი ქვეყნების მოსახლეობის რიცხვსაც კი უტოლდება. ამ სტატიაში მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგს გაეცნობით, რომლის შესადგენად მონაცემები აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს უკანასკნელი კვლევიდან არის აღებული.
2022 წელს მსოფლიოს აეროპორტებში მგზავრთბრუნვამ 7 მილიარდი ადამიანი შეადგინა, რაც 54%-ით აღემატება 2021 წლის მონაცემებს. საინტერესოა, რომ პლანეტის ყველაზე დატვირთული 10 აეროპორტიდან 5 ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. თუმცა, მათი მგზავრთა ნაკადის უმეტესობა შიდა მიმოსვლაზე მოდის. ამერიკული აეროპორტებით 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საშუალოდ 25%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტიდან ისინი 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 ადგილებს ინაწილებენ.
მე-5 ადგილზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე დუბაის საერთაშორისო აეროპორტია (DXB). ის 2022 წელს 66 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წელთან შედარებით 127%-იან ზრდას წარმოადგენს.
გასაკვირი არაა, რომ ათეულში მე-7 ადგილს მსოფლიო სატრანზიტო ჰაბი, თურქეთი და შესაბამისად სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი იკავებს. გასულ წელს სტამბოლის აეროპორტით 64-მა მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ეს მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 74%-ით არის გაზრდილი. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთბრუნვა იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ ქალაქში მეორე, საბიჰა გოქჩენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიც მდებარეობს, რომლის დატვირთვაც საკმაოდ დიდია.
აღსანიშნავია, რომ ათეულში მხოლოდ 2 ევროპული აეროპორტი მოხვდა – ლონდონის ჰითროუსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტები მე-8 და მე-10 პოზიციებს იკავებენ. თუმცა, საინტერესოა, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდის მაჩვენებელი ევროპულ აეროპორტებში ყველაზე მაღალია. ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა გასულ წელს 61 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რაც 2021 წელთან შედარებით 218%-იანი ზრდაა. 119%-იანი ზრდა დააფიქსირა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტმაც.
აეროპორტების რეიტინგი | ქალაქი | მგზავრთა რაოდენობა | ზრდა 2021 წელთან შედარებით | |
#1 | Hartsfield-Jackson Atlanta International Airport (ATL) | ატლანტა (აშშ) | 93,699,630 | 24% |
#2 | Dallas Fort Worth International Airport (DFW) | დალასი (აშშ) | 73,362,946 | 18% |
#3 | Denver International Airport (DEN) | დენვერი (აშშ) | 69,286,461 | 18% |
#4 | Chicago O’Hare International Airport (ORD) | ჩიკაგო (აშშ) | 68,340,619 | 27% |
#5 | Dubai International Airport (DXB) | დუბაი (UAE) | 66,069,981 | 127% |
#6 | Los Angeles International Airport (LAX) | ლოს ანჯელესი (აშშ) | 65,924,298 | 37% |
#7 | Istanbul Airport (IST) | სტამბოლი (თურქეთი) | 64,289,107 | 74% |
#8 | Heathrow Airport (LHR) | ლონდონი (UK) | 61,614,508 | 218% |
#9 | Indira Gandhi International Airport (DEL) | ნიუ დელი (ინდოეთი) | 59,490,074 | 60% |
#10 | Paris Charles de Gaulle Airport (CDG) | პარიზი (საფრანგეთი) | 57,474,033 | 119% |
მიუხედავად ამ რიცხვებისა, საჰაერო მიმოსვლა და საერთაშორისო ტურიზმის ტემპები ჯერჯერობით სრულად არ აღდგენილა. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს უკანასკნელი ანგარიშის თანახმად ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებლის 95%-ით აღდგა. შესაბამისად, ტენდენცია აღმავალია და მისი შენარჩუნების შემთხვევაში პანდემიამდელ მაჩვენებლებსაც გადაუსწრებს.