მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები - Visual Capitalist

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნები - Visual Capitalist

სახელმწიფოების ეკონომიკური აქტივობისა და სიმდიდრის გაზომვის სხვადასხვა გზა არსებობს. Visual Capitalist-მა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების რეიტინგის შესადგენად ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელი გამოიყენა, რომელიც მიმდინარე წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზებს ეფუძნება.

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 308 აშშ დოლარი, ტერიტორიის მიხედვით აფრიკის ყველაზე პატარა სახელმწიფოს, ბურუნდის აქვს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 13 მილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბურუნდიმ დამოუკიდებლობა 1962 წელს მოიპოვა. XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ის ჯერ გერმანიის, შემდეგ კი ბელგიის კოლონია იყო.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ბურუნდი სამოქალაქო დაპირისპირებებსა და კორუფციის მაღალ დონეს ებრძოდა. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკისთვის პოზიტიურ ტენდენციებს პროგნოზირებს, რასაც უახლესი ეკონომიკური რეფორმების გავლენით ხსნის.

შედარებისთვის, ბურუნდის მშპ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნისას, ლუქსემბურგისას 415-ჯერ ჩამორჩება.

მეორე და მესამე ყველაზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ასევე აფრიკულ სახელმწიფოებში, სიერა-ლეონესა და მალავიში ფიქსირდება. უნდა ითქვას, რომ ორივეს შემთხვევაში მშპ ბურუნდის მაჩვენებელზე სულ ცოტა 150 აშშ დოლარით მეტია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 20 ყველაზე ღარიბი ქვეყანა, იემენის გარდა, აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. ეს მონაცემები კოლონიზაციის პოტენციურ ზემოქმედებაზე მიანიშნებს.

Visual Capitalist-ის ყველაზე ღარიბი ქვეყნების რეიტინგში, რომელიც 123 სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის $7,270-იანი მაჩვენებლით 99-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიოს 10 ყველაზე ღარიბი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით:

#1 ბურუნდი – $308
#2 სიერა-ლეონე – $472
#3 მალავი – $483
#4 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – $516
#5 მადაგასკარი – $540
#6 სომალი – $562
#7 სამხრეთ სუდანი – $570
#8 ნიგერი – $574
#9 მოზამბიკი – $579
#10 ერიტრეა – $700

 

(რეიტინგი შედგენილია 2023 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით)