მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) მსოფლიოს კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. წლევანდელი რეიტინგის შესადგენად WEF-მა შეცვლილი მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა, რისი მთავარი მიზეზიც ე.წ. „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციაა“. ამ ერაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიებისადმი მზაობა განსაკუთრებულ როლს იძენს.
რეიტინგის შესადგენად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 140 ქვეყანას 98 ინდიკატორით აფასებს. WEF-სთვის მთავარი განმსაზღვრელი არა ქვეყნების სიმდიდრე, არამედ სოციალურ-ეკონომიკური შედეგები და ცხოვრების დონეა.
მსოფლიოს 10 ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა შემდეგია:
ამერიკის შეერთებული შტატები – 100 სარეიტინგო ქულიდან აშშ-ს ქულა 85.6-ია. გასულ წელთან შედარებით, ამერიკის პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა და შედეგად, მსოფლიოს ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა გახდა.
სინგაპური – 83.5 ქულით სინგაპური მეორე ადგილზეა. გასულ წელს კი ქვეყანას რეიტინგში მესამე ადგილი ეკავა.
გერმანია – 82.8 ქულით გერმანია წლევანდელ რეიტინგში მესამე პოზიციაზეა, ნაცვლად გასული წლის მეხუთე ადგილისა.
შვეიცარია – 82.6 ქულით შვეიცარია მსოფლიოში ნომერ მეოთხე ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა გახდა. შვეიცარია გასულ წელს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა.
იაპონია – 82.5 ქულით იაპონიამ პოზიცია წინა წელთან შედარებით, ერთი საფეხურით გაიუმჯობესა და რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
ნიდერლანდების სამეფო – 82.4 ქულით ქვეყანა მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, ნაცვლად გასული წლის მეოთხე ადგილისა.
ჰონგ-კონგი – 82.3 ქულით ქვეყანა მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე კონკურენტული ეკონომიკა გახდა, რაც წინა წლის პოზიციასთან შედარებით, ერთი საფეხურით გაუარესებული მაჩვენებელია.
გაერთიანებული სამეფო – 82 ქულით მერვე ადგილი შეინარჩუნა ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ.
შვედეთი – 81.7 ქულით, მეშვიდედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა შვედეთმა.
დანია – 80.6 ქულით ათეულს დანია ასრულებს, რომელიც გასული წლის რეიტინგში მეთორმეტე პოზიციაზე იყო.
მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად კონკურენტული ქვეყანა კი ჩადია, რომლის ქულაც მხოლოდ 35-ია. რეიტინგის ბოლოში მოხვდნენ იემენი, ჰაიტი, ანგოლა, ბურუნდი და კონგოს რესპუბლიკა.
საქართველო წლევანდელ რეიტინგში 66-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 135 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზე იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო რეიტინგში 8 საფეხურით ჩამოქვეითდა, შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი კვლავ ჩამოუვარდება 2016-2017 წლის მონაცემს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, – აზერბაიჯანი სიაში 69-ე ადგილზეა, სომხეთი 70-ზე, თურქეთი 61-ზე, ხოლო რუსეთი კი 43-ზე.
დატოვე კომენტარი