მსოფლიოში მდიდარი ქალების რაოდენობა იზრდება და მათი საერთო ქონება 2 ტრილიონ დოლარს აღემატება.
თუკი Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2010 წლის რეიტინგში ქალი მხოლოდ 91 იყო, წელს მათი რაოდენობა უკვე 243-ს აღწევს. თუმცა, პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების უმეტესობას ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული, ე.წ. Self-made კი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.
წლევანდელ სიას ახალი ლიდერი ჰყავს. ლილიან ბეტანკურის მემკვიდრემ, ფრანსუაზა ბეტანკურმა პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. L’Oreal-ის მფლობელის მემკვიდრე დედის სიცოცხლის ბოლო წლებშიც განაგებდა მის ქონებას. ის დღეს $49.5 მილიარდს ფლობს, მსოფლიოში სიმდიდრით კი მეთხუთმეტე ადგილს იკავებს. 2017 წელს L’Oreal-ის კაპიტალიზაცია Forbes-მა $107.5 მილიარდად შეაფასა, რამაც მას პლანეტის უმსხვილესი 2000 კომპანიის სიაში 198-ე ადგილი არგუნა. რაც შეეხება ლილიან ბეტანკურს, ის გასულ წელს გარდაიცვალა. ის საუკუნის წინ მამის მიერ დაარსებული კომპანიის 33%-ს ფლობდა. ლილან ბეტანკური Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველად 1987 წელს მოხვდა, – მაშინ მისი ქონება $1 მილიარდს შეადგენდა. მისი მმართველობის პერიოდში L’Oreal გლობალურ კოსმეტიკურ გიგანტად იქცა, რომლის თანამშრომელი დღეს 89 300 ადამიანია. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს $28.58 მილიარდი შეადგინა, მის პორტფელში დღეს 34 ბრენდი შედის, მათ შორის Kiehl’s, IT და Maybelline.
წლევანდელ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა ელის უოლტონმა. ელისი Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. მისი ქონება დღეს $44.4 მილიარდს შეადგენს. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კი ის მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს.
მესამე ადგილზე ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის Mars-ის თანამფლობელი, ჟაკლინ მარსი იკავებს. მისი ქონება 23.9 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 33-ე ადგილზეა.
მარსმა, მესამე ადგილი სიუზან კლატენს ჩამოართვა, რომელმაც სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა 21 მილიარდი დოლარით. მას BMW-ში წილი მემკვიდრეობით ერგო.
მეოთხე ადგილზე კი იანგ ჰუიანია, რომელიც $22.1 მილიარდს ფლობს. მანაც ქონება მემკვიდრეობით მიიღო 2007 წელს. კერძოდ კი Country Garden Holdings-ის 57%-იანი წილი.
დატოვე კომენტარი