მსოფლიოში ბევრი ოდესღაც აყვავებული ადგილი – ქალაქი თუ სოფელი – ახლა მიტოვებულია. მათი ცარიელი შენობები, ქუჩები და მანქანებიც კი წლების განმავლობაში ბუნების ნაწილად იქცნენ.
ომის დროს განადგურებული თუ ევაკუირებული, ძვირფასი ლითონებისა და მინერალების მარაგის ამოწურვის გამო მიტოვებული – წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მომხიბლავ მიტოვებულ ქალაქებსა და სოფლებს:
ორადურ-სურ-გლანი, საფრანგეთი
ყოფილი მეთევზეთა სოფლის ნანგრევები მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს გვახსენებს. ორადურ-სურ-გლანი ხელუხლებელია 1944 წლის 10 ივნისიდან, როდესაც მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაცისტმა სამხედროებმა ამოხოცა.
ომის დასრულების შემდგომ შარლ დე გოლმა გადაწყვიტა, რომ ორადურ-სურ-გლანი უნდა დარჩეს ნაცისტების სისასტიკის მოგონებად. მოგვიანებით მახლობლად ახალი სოფელი გაშენდა მემორიალური მუზეუმით, რომელიც მნახველებს 1999 წლიდან მასპინძლობს.
უარამ პერსი, დიდი ბრიტანეთი
ინგლისის ყველაზე ცნობილი მიტოვებული შუა საუკუნეების სოფელი, უარამ პერსი, რომელიც ულამაზეს იორკშირში მდებარეობს, ოდესღაც ორ განსაცვიფრებელ მამულსა და ეკლესიას მოიცავდა. ეს უკანასკნელი ერთადერთი შენობაა, რომელიც ჯერ კიდევ დგას, მაგრამ პერსის ოჯახის მიერ აშენებული სახლების მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი, ისევე როგორც გლეხთა ახლომდებარე სახლები.
სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა. დღეს ეს ადგილი ერთნაირად მიმზიდველია როგორც არქეოლოგებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
ბელჩიტე, ესპანეთი
ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს რესპუბლიკურ და ფაშისტურ ძალებს შორის ფრონტის ხაზზე ბელჩიტე მოექცა, რომელიც ალყის ცენტრი 1937 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე იყო, სანამ საბოლოოდ 1939 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს ძალებს დანებდებოდა.
კრაკო, იტალია
იტალიის შორეულ სამხრეთში მდებარე კრაკოს თავბრუდამხვევი ლანდშაფტი და თვალწარმტაცი არქიტექტურა მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიტოვებულ ქალაქად აქცევს. მოსახლეობამ 1960-იან წლებში კანალიზაციისა და წყლის სამუშაოების შედეგად გამოწვეული მეწყრების გამო დაიწყო გადინება, ხოლო 1980 წელს ირპინიის მიწისძვრის შემდეგ კრაკო მთლიანად დაცარიელდა.
თუმცა, მას შემდეგ მოჩვენებათა ქალაქმა არა მხოლოდ ათასობით ტურისტი მიიზიდა, ის ასევე პოპულარული ადგილი გახდა გადაღებებისთვის. იქ 2008 წელს ჯეიმს ბონდის სერიების მსგავსი ფილმი “Quantum of Solace” გადაიღეს.
გრან-ბასამი, კოტ-დ’ივუარი
მიუხედავად იმისა, რომ გრან-ბასამში ჯერ კიდევ ცხოვრობს მოსახლეობა, მისი მრავალი თვალსაჩინო შენობა წლების განმავლობაში ცარიელი იყო. ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, ისეთი ცნობილი შენობებით, როგორიცაა ძველი ფოსტა, ცენტრალური აფრიკის ბანკი და სასტუმრო Hotel de France-ი.
კოლმანსკოპი, ნამიბია
ქალაქის მრავალი შენობა ნახევრად ქვიშაშია ჩაძირული, კოლმანსკოპი შეხსენებაა იმისა, რომ ნამიბიის უდაბნოს გულში მდებარე, დღეს ნანგრევებად ქცეული ქალაქი ოდესღაც ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილი იყო. ქალაქი მას შემდეგ დაარსდა, რაც 1908 წელს ადგილობრივმა ზაქარიას ლევალამ აქ ბრილიანტები აღმოაჩინა, შემდეგ ის გერმანელი კოლონიალისტების სამყოფლად იქცა, მანამ სანამ ბრილიანტის მარაგი არ ამოიწურა და 1956 წელს ის საბოლოოდ არ მიატოვეს.
ტურისტებს საკუთარი თვალით სურთ იმის ნახვა, თუ როგორ დაიბრუნა უდაბნომ შენობები და როგორ უჩინარდება მთელი ქალაქი ნელ-ნელა ქვიშის ქვეშ.
ბოდი, კალიფორნია
ოქროს აღმოჩენის შემდეგ ხალხი კალიფორნიის ამ ქალაქისკენ მიიჩქაროდა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ის 10000-მდე მცხოვრებელს აერთიანებდა. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალაქმა თავისი მიმზიდველობა დაკარგა და თანდათან დაცარიელდა. მიტოვებული ქალაქის კარგად შემონახული შენობები მას დღეს ველური დასავლეთის ტურების ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად აქცევს.
კუნძული ჰაშიმა, იაპონია
ნაგასაკის სანაპიროსთან მდებარე ჰაშიმა, ცნობილი როგორც საბრძოლო ხომალდების კუნძული, ფუნქციონირებდა როგორც წყალქვეშა ნახშირის მოპოვების ობიექტი 1887 და 1974 წლებში. ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ქალაქი დაცარიელდა. ამბობენ, რომ ჰაშიმა მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებითი შრომის ბანაკად გადააქციეს. აქ 1000-ზე მეტი კორეელი და ჩინელი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ტყვე დაიღუპა. დღეს კი ის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია.
პირამიდენი, ნორვეგია
არქტიკული წრის მაღლა, სვალბარდის არქიპელაგზე მდებარე პირამიდენი, ოდესღაც ქვანახშირის მომპოვებლების ხალხმრავალი დასახლება იყო. ის 1927 წელს შვედეთმა საბჭოთა კავშირს მიჰყიდა, შესაბამისად, შორეული ქალაქი კომუნისტური პერიოდის კლასიკური არქიტექტურის ტრადიციებითაა აშენებული – საცხოვრებელი კორპუსებით დაწყებული ვერტმფრენის დასაჯდომი ბილიკით დასრულებული.
ქვანახშირი აქ 1998 წლიდან აღარ მოიპოვება, მაგრამ ტურისტებს ახლა სპეციალურ სასტუმროში დარჩენა და ქალაქის მიტოვებულ შენობებში ოფიციალური ტურების დაჯავშნა შეუძლიათ.
დატოვე კომენტარი