2023 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე პაკისტანში, ბანგლადეშსა და ინდოეთში ფიქსირდება. აღნიშნულ ქვეყნებში დაბინძურება თითქმის 15-ჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს.
PM2.5-ის საშუალო კონცენტრაციამ – ჰაერის მცირე ნაწილაკები, რომლებიც აზიანებენ ფილტვებს – გასულ წელს ბანგლადეშში თითო კუბურ მეტრზე 79.9 მიკროგრამს მიაღწია, ხოლო პაკისტანში – 73.7 მიკროგრამს. ჯანმოს რეკომენდაციით, ჰაერის დაფინძურების დონე 5 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
„კლიმატური პირობებისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო (სამხრეთ აზიაში), PM2.5-ის კონცენტრაცია აღნიშნულ ქვეყნებში ზრდას განაგრძობს, რადგან დაბინძურებას, უბრალოდ, ამ ტერიტორიიდან გაღწევის გზა არა აქვს“, – განაცხადა IQAir-ის მეცნიერმა კრისტი ჩესტერმა და გამომწვევ მიზეზებს შორის სოფლის მეურნეობის პრაქტიკა, მრეწველობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე და სხვა ფაქტორები დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ანგარიშში, ჰაერის დაბინძურების მიხედვით ბანგლადეში – მეხუთე, ხოლო ინდოეთი მერვე ადგილს იკავებდა. თუმცა წელს ორივე მათგანმა სამეულში მოხვედრა მოახერხა და ჩადი და ირანი ჩაანაცვლა. ბანგლადეშში სიკვდილიანობის დაახლოებით 20% სწორედ ჰაერის დაბინძურებაზე მოდის, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 4%-5%-ს შეადგენს.
ბანგლადეშის მსგავსად, გასულ წელს დაბინძურების დონე ინდოეთშიც გაიზარდა და ჯანმოს სტანდარტს ახლა უკვე 11-ჯერ აღემატება. ქვეყანაში ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა დედაქალაქ დელიშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 92.7 მიკროგრამს აღწევს. PM2.5-ის დონე, ზედიზედ ხუთწლიანი კლების შემდეგ, 6.3%-ით გაიზარდა ჩინეთში და 2023 წელს 32.5 მიკროგრამს მიაღწია.
2023 წლის მონაცემებით, ჯანმოს სტანდარტებს მხოლოდ შვიდი ქვეყანა – ავსტრალია, ესტონეთი, ფინეთი, გრენადა, ისლანდია, მავრიკი და ახალი ზელანდია – აკმაყოფილებს. საერთო ჯამში, IQAir-ის ანგარიში 134 ქვეყანასა და რეგიონში 30,000-ზე მეტი მონიტორინგის სადგურის მონაცემებს ეფუძნება.
ჩადი, 2022 წლის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა, მონაცემების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წლევანდელ კვლევაში ვერ მოხვდა. 2023 წლის სიიდან ამოიღეს ირანი და სუდანიც. „ჩიკაგოს უნივერსიტეტის“ ენერგეტიკული პოლიტიკის ინსტიტუტის ჰაერის ხარისხის განყოფილების შეფასებით, სახელმწიფოთა 39%-ში ჰაერის ხარისხის საჯარო მონიტორინგი არ არსებობს.
ცნობისთვის, IQAir-ის 2023 წლის ანგარიშში, საქართველო ჰაერის დაბინძურების მიხედვით 62-ე ადგილზეა 16.4 მიკროგრამით. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი – 17 მიკროგრამს, ხოლო 2021 წელს 21 მიკროგრამს უდრიდა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, მოცემულობა შემდეგნაირია: სომხეთი – 26.4 მიკროგრამი, 31-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 18.8 მიკროგრამი, 52-ე ადგილი, თურქეთი – 20.3 მიკროგრამი, 44-ე ადგილი, რუსეთი – 10 მიკროგრამი, 94-ე ადგილი.
10 ქვეყანა, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული:
- ბანგლადეში – 79.9 მიკროგრამი
- პაკისტანი – 73.3 მიკროგრამი
- ინდოეთი – 54.4 მიკროგრამი
- ტაჯიკეთი – 49 მიკროგრამი
- ბურკინა-ფასო – 46.6 მიკროგრამი
- ერაყი – 43.8 მიკროგრამი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 43 მიკროგრამი
- ნეპალი – 42.4 მიკროგრამი
- ეგვიპტე – 42.4 მიკროგრამი
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 40.8 მიკროგრამი