ქალაქს, რომელშიც სტუდენტი სწავლობს, შესაძლოა უდიდესი გავლენა ჰქონდეს არა მარტო მის მიერ უნივერსიტეტში გატარებულ დროზე, არამედ სხვა კუთხით მიღებულ გამოცდილებაზეც. ბუნებრივია, სასურველი უნივერსიტეტის არჩევისას უმთავრესი ინდიკატორი თავად ამ უკანასკნელის მახასიათებლებია. თუმცა, როგორც სხვადასხვა კვლევა გვიჩვენებს, საუკეთესო გამოცდილების მისაღებად აუცილებელია, წინასწარ გამოვიკვლიოთ გარემო, ატმოსფერო და სწავლის დამთავრების შემდგომი შესაძლებლობები.
თანამედროვე განათლების ექსპერტების აზრით, სტუდენტმა არჩევანის გაკეთებისას მხედველობაში ისეთი ფაქტორებიც უნდა მიიღოს, როგორიც უსაფრთხოება, საცხოვრებელი სტანდარტები, დამსაქმებლების აქტივობა და ხელმისაწვდომობაა. ამ ინდიკატორების ერთობლიობას შეუძლია, სტუდენტის მიერ უცხო ქალაქში გატარებული დღეები მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს და უფრო პროდუქტიულიც გახადოს.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, Statista-მ შეიმუშავა რეიტინგი, რომელიც 10 საუკეთესო ქალაქის ჩამონათვალს გვთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებისათვის. ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სიის სათავეში ინგლისის დედაქალაქი, ლონდონი, მოექცა. Statista-ს მიერ შემუშავებული ინდექს-სისტემიდან მან უმაღლესი, 100 ქულა დაიმსახურა. ლონდონი ნამდვილად აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ჩამონათვალს. რომ არაფერი ვთქვათ იმ გარემოზე, სადაც კურსდამთავრებულს საკუთარი თავის რეალიზება შეეძლება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Statista-ს მიერ შემოთავაზებული რეიტინგი მხედველობაში არა მხოლოდ კარგ გარემოს, ხელმისაწვდომობასა და დასაქმების პერსპექტიულობას, არამედ თავად ამ ქალაქში არსებული უნივერსიტეტების რეიტინგებსაც იღებს.
მეორე ადგილზე მათ მიერ წარმოდგენილ რეიტინგში გერმანიის ისტორიული ქალაქი, მიუნხენი მოხვდა. საინტერესოა, რომ მიუნხენი არ გახლავთ Statista-ს მიერ გამოქვეყნებულ ათეულში შემავალი ერთადერთი გერმანული ქალაქი. დედაქალაქმა ბერლინმა რეიტინგში 95.9 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს არა ევროპული ან ამერიკული ქალაქი, არამედ აზიური სეული იკავებს. აზიური სახელმწიფოს დედაქალაქს, ტოკიოს უკავია მეოთხე პოზიცია, რაც ალბათ სულაც არ არის გასაკვირი. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს ცხოვრების სტანდარტები საკმაოდ მაღალია და ხელმისაწვდომობის პარამეტრებში მას ალბათ დაბალი ქულა ექნებოდა, მან მაინც დაიკავა ღირსეული მეოთხე ადგილი.
ათეულში გვხვდება ორი ავსტრალიური ქალაქიც, მელბურნი და სიდნეი. მეშვიდე პოზიციას კი შვეიცარია და მისი საგანმანათლებლო ცენტრი, ციურიხი იკავებს. ალბათ მოულოდნელია, რომ ტოპ-8 უნივერსიტეტს შორის არც ერთი ამერიკული ქალაქი არ გვხვდება. ამერიკული ქალაქის, ბოსტონის ხილვას მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე შევძლებთ. თუმცა ბოსტონი მეცხრე ადგილს მონრეალთან და პარიზთან ერთად იყოფს.
დატოვე კომენტარი