2020 წლიდან კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდასთან ერთად, მსოფლიოში ბიზნესსკოლების დღის წესრიგი მუდმივად იცვლებოდა: სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმი, შემდგომ ნაწილობრივ ჰიბრიდული, რომელიც სასწავლებელთა ნაწილში კვლავ ტრადიციულმა მიდგომამ ჩაანაცვლა. სკოლებმა ახალი პროტოკოლები შეიმუშავეს და დისტანციური სწავლებისთვის ციფრული მეთოდებიც გამოცადეს.
მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსკოლების ახალი რეიტინგის შედგენის პროცესში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გამოკითხვისას სამი სიტყვა „თანამშრომლობა“, „კულტურა“ და „კოლეგიურობა“ სჭარბობდა. ამასთან ერთად კი განმსაზღვრელი ფაქტორები იყო სწავლაზე დამყარებული ღირებულებები და მნიშვნელოვანი კავშირების შექმნის შესაძლებლობა.
გასაკვირი არაა, რომ როდესაც საქმე სამუშაოსა და ხელფასს ეხება, საკონსულტაციო, ტექნოლოგიებისა და ფინანსების ინდუსტრიები ყველაზე მოთხოვნადია. თუმცა მსოფლიოს შეცვლასთან ერთად ინტერესი სხვა სფეროების მიმართაც მატულობს, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატურ და მდგრადობის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასწავლო კურსები, რის პოპულარობასაც ნულოვანი ნახშირბადის მომავალი და კომპანიების მხრიდან კადრებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.
Bloomberg Businessweek-მა მსოფლიო მასშტაბით 117 MBA-პროგრამა შეაფასა. როგორც მის მიერ შედგენილი რეიტინგი ცხადყოფს, ევროპაში საუკეთესო კვლავ შვეიცარიაში არსებული, ლოზანის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტია, ხოლო შანხაის ფინანსთა და ეკონომიკის უნივერსიტეტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერია. რაც შეეხება კანადას, აქ პირველობას „დასავლეთის უნივერსიტეტის“ Ivey Business School-ი არ კარგავს.
მიმდინარე წელს „სტენფორდი“ კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე რეიტინგული ბიზნესსკოლაა. უნივერსიტეტმა ანაზღაურების, ნეტვორკინგისა და ანტრეპრენიორობის სფეროში ყველაზე მაღალი ქულების მოპოვება შეძლო. „სტენფორდს“ აშშ-ში მეორე ადგილით ჩიკაგოს უნივერსიტეტის Booth-ის სკოლა მოსდევს, რომელიც ჰარვარდის ბიზნესსკოლას გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგის პირველ ათეულში წარმოდგენილი სასწავლებლებიდან ცხრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
ცნობისთვის, Bloomberg Businessweek-ის რეიტინგის შედგენისას 18,504 სტუდენტი, კურსდამთავრებული და დამსაქმებელი გამოიკითხა, ასევე შეფასდა სკოლების დასაქმებისა და კომპენსაციის მონაცემები. მსოფლიოს 2022/23 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლების ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:
- Stanford – 88.0 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- International Institute for Management Development, IMD – 86.0 ქულა (შვეიცარია)
- Chicago (Booth) – 85.6 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Harvard – 85.6 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Northwestern (Kellogg) – 84.8 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Dartmouth (Tuck) – 84.4 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- MIT (Sloan) – 83.5 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Pennsylvania (Wharton) – 83.2 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Columbia – 82.9 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)
- Virginia (Darden) – 82.8 ქულა (ამერიკის შეერთებული შტატები)