მსოფლიოს საუკეთესო ვენახები | რეიტინგში „შატო მუხრანი“ მოხვდა

მსოფლიოს საუკეთესო ვენახები | რეიტინგში „შატო მუხრანი“ მოხვდა

უძველესმა არგენტინულმა საოჯახო მეღვინეობა Catena Zapata-მ, მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო ვენახის წოდება დაიმსახურა. 1902 წელს, არგენტინის ქალაქ მენდოსაში დაარსებული Catena Zapata, მალბეკის ხელახალ გამოგონებაში შეტანილი წვლილითაა ცნობილი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მეღვინეობამ თავისი პირველი რესტორანი, Angélica Cocina Maestra-ც გახსნა, რომელიც სწორედ La Pirámide-ის ვენახში მდებარეობს.

საუკეთესო ვენახების პრესტიჟული ყოველწლიური სია ღვინის ტურიზმს გლობალურად შეისწავლის და ხარისხთან ერთად, მოგზაურთა გამოცდილებებსაც ეყრდნობა. ღვინის დეგუსტაცია, საკვები და განლაგება ის ძირითადი კომპონენტებია, რომელთაც ტურისტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მსოფლიოს საუკეთესო ვენახების რეიტინგის მეორეადგილოსანი ესპანეთში, კერძოდ რიოხაში გაშენებული Herederos del Marqués de Riscal-ი გახდა, რომელიც ამავდროულად ევროპის საუკეთესო ვენახად დასახელდა. მეღვინეობა 1858 წელს დაარსდა და სწორედ აქ ჩამოისხა რიოხას ღვინის პირველი ბოთლიც. დღეს, ცნობილ ღვინოებთან ერთად, Herederos del Marqués de Riscal-ი ფუტურისტული სტილის ძვირად ღირებული სასტუმროთიც გამოირჩევა.

შარშანდელი პირველადგილოსანი VIK-ის ვენახი, რომელიც ჩილეში მდებარეობს, მიმდინარე წლის რეიტინგში მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა. VIK-ს ფრენკ გერის დიზაინის სასტუმრო გამოარჩევს, საიდანაც ანდების მთების ხედი იშლება. მეოთხე ადგილზეა Creation-ის ვენახი სამხრეთი აფრიკიდან, ხოლო მეხუთე პოზიციას საფრანგეთის Château Smith Haut Lafitte იკავებს.

მსოფლიოს საუკეთესო ვენახების ორმოცდაათეული ღვინის ექსპერტთა გლობალური აკადემიის მიერაა შედგენილი. შეფასებისას, მსოფლიოს გეოგრაფიულ რეგიონებად დაყოფა ხდება, რომელთაც აკადემიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. აკადემიის თავმჯდომარეს ღვინისა და მოგზაურობის 36 ექსპერტი ექვემდებარება. კენჭისყრისას აკადემიის თითოეული წევრი შვიდ ვენახს აძლევს ხმას. კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრული სია არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათ ვენახს შორის მოხვდა „შატო მუხრანი“. რეიტინგში ქართული მეღვინეობის აღწერისას, მის მრავალწლიან ისტორიასთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია „შატო მუხრანის“ გამორჩეულ ბუნებასა და ბაღებზე. ცნობისთვის, „შატო მუხრანში“ ღვინის წარმოება 1878 წლიდან იღებს სათავეს და ერთ-ერთი უძველესი ღვინის მამულია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. გამოცდილი ექსპერტების მიერ შედგენილ 2023 წლის პრესტიჟულ რეიტინგში „შატო მუხრანი“ 47-ე პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც 2021 წლის სიაში, 58-ე ადგილზე იმყოფებოდა.

მსოფლიოს საუკეთესო ვენახების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. Catena Zapata – არგენტინა
  2. Herederos del Marqués de Riscal – საფრანგეთი
  3. VIK – ჩილე
  4. Creation – სამხრეთი აფრიკა
  5. Château Smith Haut Lafitte – საფრანგეთი
  6. Bodega Garzón – ურუგვაი
  7. Montes – ჩილე
  8. Schloss Johannisberg – გერმანია
  9. Bodegas Salentein – არგენტინა
  10. El Enemigo Wines – არგენტინა