მსოფლიოს უძვირფასესი ერთალაოიანი ვისკიები

მსოფლიოს უძვირფასესი ერთალაოიანი ვისკიები

თუკი წელიწადში შვიდციფრა თანხაზე ნაკლებს გამოიმუშავებთ და ამავდროულად შოტლანდიური ვისკის მოყვარული ბრძანდებით, ალბათ გულს გიხეთქავთ ფასი, რომელსაც ხანდახან ერთ ბოთლ სკოჩში იხდიან. მართლა შესაძლებელია, ისე გიყვარდეს სკოჩი, რომ ერთი ჭიქის სანაცვლოდ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაიხადო?

თუმცა საქმე მხოლოდ სიყვარულში როდია. გიგანტური თანხების დიდი ნაწილი სარფიანი ინვესტიციაა. შოტლანდიური ერთალაოიანი, ლიმიტირებული წარმოების ექსტრაორდინალური ვისკიები მდიდრებისთვის კიდევ უფრო გამდიდრების მშვენიერი გზაა. ამას მოწმობს ფაქტი, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კრიზისის თანმდევი ვარდნის დროს, უძვირფასეს ვისკიებზე ფასი საშუალოდ 105%-ით გაიზარდა.

10 წლის წინ, ყველაზე ძვირფასი ერთალაოიანი ვისკის ბოთლი, რომელიც ერთ დასხდომაში დაილია,  Dalmore 62 იყო. ექვსმა ბიზნესმენმა $58,000-ად შეძენილი ბოთლი დაცალა. „ჩაის“ სანაცვლოდ, მიმტანისთვის მათ ბოთლში უკანასკნელი ყლუპი ჩატოვეს, რომლის ფასიც დაახლოებით $1,700-ს შეადგენდა. თუმცა 2015 წელს $58,000 უკვე სასაცილო ფასია. უძვირფასესი ლიმიტირებული ჩამოსხმის შესაძენად ეს თანხა არ გეყოფათ, მაგრამ არასააუქციონო, ამჟამადაც ბაზარზე განთავსებული ბოთლებისთვის – საკმარისია და თურმე მათგან მხოლოდ მაუსის რამდენიმე დაწკაპუნება გაშორებთ. წელს, wine-searcher-მა გააანალიზია ინტერნეტში წარმოდგენილი 50,700 საცალო გამყიდველის ფასები. წარმოგიდგენთ უძვირესი ერთალაოიანი ვისკიების სამეულს, რომელშიც ამ წამსვე შეგიძლიათ ფულის დაბანდება.

The Balvenie, 50 წლის. საშუალო ფასი: $36,141, მაქსიმალური ფასი: $50,000.


 

The Macallan Lalique, 62 წლის. საშუალო ფასი: $33,450, მაქსიმალური ფასი: $47,483.

 

Glenfiddich, 50 წლის. საშუალო ფასი: $21,867, მაქსიმალური ფასი: $39,699

ბაზარზე განთავსებული უძვირფასესი ვისკიების სამეულიდან ორ მარკას – Balvanie-სა და Glenfiddich-ს ერთი კომპანია – William Grant and Sons-ი აწარმოებს. გაყიდვების მათეული რეკორდსმენი ჯენეტ შიდ რობერტსის სახელობის Glenfiddich-ია. ეს კასრი 1955 წლის შემდეგ ძველდებოდა. როდესაც ჯენეტ შიდ რობერტსი, Glenfiddich-ის დამფუძნებლის, ვილიამ გრანტის შვილიშვილი 110 წლის ასაკში გარდაიცვალა, კომპანიამ გადაწყვიტა მისთვის პატივი მიეგო და ზემოხსენებული კასრიდან 15 ბოთლი ჩამოსხა. 4 ბოთლი ოჯახმა დაიტოვა, დარჩენილი 11 კი აუქციონზე მოხვდა. ერთ-ერთმა დამფასებელმა ატლანტიდან ბოთლში $94,000 გადაიხადა. 2015 წლის მონაცემებით ეს მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ძვირი ფასია, რაც ერთ ბოთლ სკოჩში გადაუხდიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *