Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის მხოლოდ 327 ქალია – ერთით ნაკლები გასულ წელთან შედარებით. აღნიშნული ქალების ქონება (მათ შორის, ვინც ქონებას ქმარს, შვილს ან და-ძმას უზიარებს) მთლიანობაში 1.56 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.53 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შემავალი ქალების უმეტესობამ, 226-მა მათგანმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო. მათ შორის, L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსმა, Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონმა და Koch Industries-ის წილის მემკვიდრე ჯულია კოხმა. ისინი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიის ტოპ-3-ეულში არიან. აღსანიშნავია, რომ ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული ქონება ჩეხ რენატა კელნეროვას, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას წელს შეუერთდა. მან ქმრის, პეტრ კელნერის გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით 16.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო.
Forbes-ის რეიტინგში შემავალმა 101-მა ქალმა კი ქონების დაგროვება საკუთარი ძალისხმევით შეძლო. მათი უმეტესობა სხვადასხვა კომპანიის დამაარსებელი ან თანადამფუძნებელია. რაც შეეხება Forbes-ის სიის ახალბედა მილიარდერ ქალებს, მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო ბარბადოსელი მომღერალი, რიანაა, რომლის ქონებაც ამჟამად 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე გამოსარჩევია დიზაინის სტარტაპ Canva-ს თანადამფუძნებელი, 34 წლის მელანი პერკინსი და მელინდა ფრენჩ გეიტსი, რომელიც 2021 წელს ბილ გეიტსთან განქორწინების შემდეგ მილიარდერების სიას დამოუკიდებლად შეუერთდა.
ცნობისთვის, აშშ-ს ყველაზე მეტი მილიარდერი ქალი ჰყავს მსოფლიოში – მათი რიცხვი 90-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ჩინეთია – 63 მილიარდერი ქალით, გერმანია კი 35 მილიარდერი ქალით მესამე ადგილს იკავებს.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 უმდიდრეს ქალს:
ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსი
ქონება: $74.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: L’Oréal
ქვეყანა: საფრანგეთი
ელის უოლტონი
ქონება: $65.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Walmart
ქვეყანა: აშშ
ჯულია კოხი
ქონება: $60 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Koch Industries
ქვეყანა: აშშ
მაკენზი სკოტი
ქონება: $43.6 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Amazon
ქვეყანა: აშშ
ჟაკლინ მარსი
ქონება: $31.7 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: Candy
ქვეყანა: აშშ
ჯინა რაინჰარტი
ქონება: $30.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მაღაროები
ქვეყანა: ავსტრალია
მირიამ ადელსონი
ქონება: $27.5 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: კაზინოები
ქვეყანა: აშშ
სუსან კლატენი
ქონება: $24.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: BMW
ქვეყანა: გერმანია
ირის ფონტბონა
ქონება: $22.8 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: მაღაროები
ქვეყანა: ჩილე
აბიგაილ ჯონსონი
ქონება: $21.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფულის მენეჯმენტი
ქვეყანა: აშშ