Visual Capitalist-მა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მიმდინარე წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზებს ეყრდნობა.
აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილს ლუქსემბურგი, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფო იკავებს, რომლის მოსახლეობა 634,000-ს შეადგენს. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ თითქმის $130,000-ია. ლუქსემბურგი ფინანსური მომსახურების დიდი სექტორით არის გამორჩეული, რომელიც მის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე ირლანდია იმყოფება, რომლის შემთხვევაშიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ 106,998 აშშ დოლარია, მესამე პოზიციას კი $94,835-ით შვეიცარია სჯერდება. ირლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, განსაკუთრებით, ბოლო წლებში გაიზარდა მისი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, კორპორაციული გადასახადების დაბალი განაკვეთებისა და სამუშაო ძალის განათლების ხარისხის ზრდის წყალობით, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ქვეყნების უმეტესობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ, შესაბამისად, $34,500 და $59,000-ია.
Visual Capitalist-ის ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში, რომელიც 190 სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის $7,270-იანი მაჩვენებლით 92-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით:
#1 ლუქსემბურგი – $128,820
#2 ირლანდია – $106,998
#3 შვეიცარია – $94,835
#4 კატარი – $89,417
#5 ნორვეგია – $88,749
#6 სინგაპური – $84,501
#7 ამერიკის შეერთებული შტატები – $78,422
#8 ისლანდია – $77,961
#9 ავსტრალია – $68,024
#10 დანია – $66,394
(რეიტინგი შედგენილია 2023 წლის თებერვლის მონაცემებზე დაყრდნობით)