გასული კვირის ბოლოს, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის, ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსის წმინდა ქონება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზი კი L’Oreal-ის აქციების ღირებულების მკვეთრი ვარდნაა – ფრანგული კომპანიის, რომლის დაახლოებით ერთი-მესამედი 70 წლის მილიარდერსა და მის ოჯახს ეკუთვნის.
ბეტანკურ-მეიერსისა და მისი ოჯახის ქონება პარასკევს 6.9 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა და $91.7 მილიარდი შეადგინა. Forbes-ის შეფასებით, L’Oreal-ის მფლობელის სიმდიდრე ამ დროისთვის 94.3 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიარდერმა დაკარგული ქონების ნაწილი კვლავ უკან დაიბრუნა.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალის ქონების მკვეთრი შემცირება L’Oreal-ის აქციების ფასის 8%-ით კლებამ განაპირობა. FactSet-ის მონაცემებით, 2008 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ, გასულ პარასკევს ფრანგულ კომპანიას აღნიშნული კუთხით ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა.
L’Oreal-ის აქციების გაუფასურებას ექსპერტები აზიაში ბიზნესის შენელებასა და შემოსავლების კლების მოლოდინს უკავშირებენ.
ცნობისთვის, ფრანსუა ბეტანკურტ-მეიერსი, რომელიც თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს სწორედ L’Oreal-ს უნდა უმადლოდეს, ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-15 ადგილს იკავებს. ის კოსმეტიკის ინდუსტრიის გიგანტის უმსხვილესი აქციონერი და საბჭოს თავმჯდომარეა.