უახლესი ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაცია, ტყეების დაცარიელებისა და ოკეანეების დაბინძურების შედეგად, 1970 წლის შემდგომ ორ მესამედზე მეტით შემცირდა. „ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების“ (ZSL) კონსერვაციისა და პოლიტიკის დირექტორმა, ენდრიუ ტერიმ შედეგებს სერიოზული გაუარესება უწოდა და განაცხადა, რომ ბუნება და ბუნებრივი სამყარო იშლება და ცარიელდება.
„ველური ბუნების მსოფლიო ფონდის“ (WWF) ანგარიშით, ველური ბუნების პოპულაცია 1970 წლის შემდგომ 69%-ით შემცირდა. პოპულაციის შემცირებაში გადამწყვეტი როლი ტყის განადგურებამ, ადამიანების მიერ ტყის ექსპლუატაციამ, დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილებამ ითამაშა. ცნობისთვის, ახალ ანგარიშში ZSL-სგან მიღებული 2018 წლის მონაცემებია გამოყენებული, რომლებიც ველური ბუნების 32,000 პოპულაციის 5,000-ზე მეტ სახეობაზე ინფორმაციას მოიცავს.
ველური ბუნების პოპულაციებს განსაკუთრებული ზარალი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში მიადგა, სადაც ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში მათი რაოდენობა 94%-ით შემცირდა. ბრაზილიის ამაზონში, ვარდისფერი მდინარის დელფინების ერთი პოპულაცია 1994-2016 წლებში 65%-ით შემცირდა. ენდრიუ ტერის განცხადებით, ახალი ანგარიშის დასკვნები უმეტესწილად მსგავსია WWF-ის 2020 წლის შეფასების, რომელიც მსოფლიოს ველური ბუნების პოპულაციის ყოველწლიური 2.5%-იანი კლების შესახებ აფრთხილებდა.
მიმდინარე წლის დეკემბერში დელეგატები მთელი მსოფლიოდან მონრეალში შეიკრიბებიან, რათა ჩამოაყალიბონ გლობალური სტრატეგია მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად. სავარაუდოდ, დელეგატთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გლობალური კონსერვაციის მცდელობებისთვის დაფინანსების გაზრდა იქნება.
დატოვე კომენტარი