ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 200 მილიონს გადააჭარბა. Covid-19-ის შემთხვევების ზრდის მიზეზი, Delta შტამის სწრაფი გავრცელებაა.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი, 35 მილიონი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. შტატები გამოირჩევა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლითაც – 600,000 გარდაცვლილი. კორონავირუსისგან გარდაცვალების რიცხვი ასი ათასს აჭარბებს რუსეთში, საფრანგეთში, ინდონეზიასა და გაერთიანებულ სამეფოში.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების სტატისტიკამ 200 მილიონს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში მიაღწია. მაშინ, როდესაც პანდემიის დაწყებიდან 1 წელიწადში 100 მილიონი შემთხვევა აღირიცხებოდა, ნახევარ წელიწადში გავრცელების მასშტაბები გაორმაგდა. კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფად იმ ქვეყნებში ვრცელდება, რომლებიც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.
გასულ კვირას, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას რეკომენდაციის სახით, იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების ალბათობა საკმაოდ მაღალია, ნიღბის ტარებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებაზე სექტემბრამდე მორატორიუმი გამოაცხადონ, რადგან ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ბუსტერის“ დოზით აცრა ისრაელმა უკვე დაიწყო.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსს მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, მეორე ადგილზე არის ბრაზილია – 558,432 და შემდგომ ინდოეთი – 425,757 გარდაცვლილი მოქალაქით.
დატოვე კომენტარი