მილიარდერი ინვესტორის, უორენ ბაფეტის, მიერ მხარდაჭერილმა ბრაზილიურმა ციფრულმა ბანკმა, Nubank-მა, აქციების საჯაროდ განთავსების ნებართვის მისაღებად კონფიდენციალურად შეავსო შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის კომისიის პირველადი აპლიკაცია. მარეგულირებელი ორგანოს მიერ დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, ნავარაუდებია, რომ კომპანიას საკუთარი აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსება 2022 წლის დასაწყისიდან შეეძლება.
კომპანია რვა წლის წინ Sequoia Capital-ის ყოფილმა თანამშრომელმა, დევიდ ველესმა 1-მილიონიანი ინვესტიციით დააარსა. მას შემდეგ კი Nubank-ი მძლავრ კომპანიად გადაიქცა. 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანიის შემოსავალმა 716 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც წმინდა მოგება 13.7 მილიონი დოლარია.
ზაფხულში Berkshire Hathaway-მ კომპანიაში 500 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალის ღირებულება 30 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ამ ინვესტიციით, Nubank-ი გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებული ციფრული ბანკი ევროპული ფინტექკომპანიის, Revolut-ის, შემდეგ. ეს უკანასკნელი 33 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ აღნიშნული ვითარება ცოტა ხანში შეიცვალოს. ექსპერტების ვარაუდით, კომპანიის IPO-ზე გასვლის შემდეგ მისი ღირებულება 55 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანია საკუთარ მომხმარებლებს საინვესტიციო, პირადი სესხების, გადახდების, სიცოცხლის დაზღვევისა და საერთაშორისო ტრანსფერების მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მომავლის სწორად დასაგეგმად კი კომპეტენტური პირები Nubank-მა Morgan Stanley-დან, Citigroup-დან და Goldman Sachs-დან დაიქირავა.
დატოვე კომენტარი